ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ირის ანდერძი


გარდაცვლილმა ლიდერმა საკუთარ შვილს, ბირთვული იარაღის მასობრივი წარმოება დაუბარა

იაპონური გაზეთის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის აწ გარდაცვლილმა ლიდერმა საკუთარ შვილს, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა, ბირთვული იარაღის მასობრივი წარმოება დაუბარა.

იაპონური გაზეთები - "მაინიჩი შიმბუნი" და "ტოკიო შიმბუნი" იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მთავრობას 19-გვერდიანი შიდა დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც ის ინსტრუქციას იძლევა, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ბირთვული ბომბი გააკეთოს.

დოკუმენტი, სავარაუდოდ, თებერვალში იქნა შედგენილი. ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი, კიმ ჩენ ირი გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა და ის პრეზიდენტის პოსტზე მისმა შვილმა, კიმ ჩენ უნმა, შეცვალა.

საიდუმლო დოკუმენტთან დაკავშირებით იაპონურმა გაზეთებმა კომენტარი სთხოვეს სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრს, კიმ ჰიუნგ-სუკს.

მისი თქმით, სამხრეთ კორეის მთავრობა თავს შეიკავებს დოკუმენტზე რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან. ამ ეტაპზე დოკუმენტის სინამდვილესთან დაკავშირებით განცხადება ფხენიანმა უნდა გააკეთოს.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

სეულში დაფუძნებული ჩრდილოეთ კორეის კვლევების უნივერსიტეტის პროფესორი რიუ კილ ჯაე ამბობს, რომ ამ დოკუმენტის სინამდვილე ამ ეტაპზე რთული დასამტკიცებელია.

მისივე თქმით, დოკუმენტის წარმომავლობა რომც დადასტურდეს ჩრდილოეთ კორეის მიმართ სხვა ქვეყნების დამოკიდებულება მაინც არ შეიცვლება იმის გამო, რომ ფხენიანი შეუფარავად ცდილობს ბირთვული ბოპმბის შემუშავებას.

ჩრდილოეთ კორეა უკვე დიდი ხანია აცხადებს, ურანის გამდიდრების პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მაგრამ იაპონური გაზეთები მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ყოფილმა ლიდერმა კონკრეტული ინსტრუქციები მისცა საკუთარ მთავრობას, რომ ურანის გასამდიდრებელი ნაგებობები ბირთვული ბომბის შესაქმნელადაც გამოიყენონ.

პროფესორი რიუ აცხადებს, რომ ფხენიანმა, სავარაუდოდ, პლუტონის წარმოება შეწყვიტა, მაგრამ მაინც უცნობია განვითარების რა ეტაპზეა ბირთვული ბომბის შემუშავება.

მისივე თქმით, გაღატაკებული ჩრდილოეთ კორეისთვის რთული იქნება მასობრივი მასშტაბით ბირთვული იარაღის წარმოება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მომავალში არ გააძლიერებენ ბირთვული პროგრამის დაფინანსებას.
ჩრდილოეთ კორეა აღიარებს, რომ ბირთვული ბომბის შესამუშავებლად პლუტონს და არა ურანს იყენებს. 2006 და 2009 წლებში ფხენიანმა ორი მიწისქვეშა აფეთქება მოაწყო, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადებით, ატომური ბომბის წარმატებული გამოცდა იყო.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა მესამე ტესტისთვის ემზადება. ამ შემთხვევაში კი ფხენიანი, სავარაუდოდ, ურანით დამზადებულ ბირთვულ ქობინს ააფეთქებს.
XS
SM
MD
LG