ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის 50-მდე საავადმყოფოს სარეანიმაციო პალატები აღარ აქვს - სიტუაცია ამერიკაში და ევროპაში


კოვიდ-19-ზე ტესტირების მობილური ტრეილერი მაიამიში, ფლორიდის შტატი, აშშ.
კოვიდ-19-ზე ტესტირების მობილური ტრეილერი მაიამიში, ფლორიდის შტატი, აშშ.

ფლორიდა: $500 ჯარიმა უნიღბობისთვის

ამერიკის სამხრეთში მდებარე ფლორიდის შტატი აცხადებს, რომ 45 საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის პალატები უკვე შევსებულია. პანდემიის მზარდი მასშტაბები ამერიკის რამდენიმე შტატის ჯანდაცვის სისტემებს განსაკუთრებული სიმძიმით დააწვა.

ფლორიდის შტატში კვირას კოვიდ-19-ით ინფირიცრების 12 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე ზედიზედ მეხუთე დღეა, შტატი დღეში მინიმუმ 10 000 ახალ ფაქტს აღრიცხავს.

ყველაზე რთული ვითარებაა მაიამის საავადმყოფოებში. ქალაქის მერმა ფრანცის სუარესმა მათთვის, ვინც საჯარო ადგილებში პირბადეს არ ატარებს, მკაცრი სასჯელი დააწესა. ჯარიმა 50 დოლარით იწყება და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, 500-მდე ადის.

კალიფორნია ახალი კარანტინის ზღვარზე

ასევე რთული ვითარებაა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე კალიფორნიის შტატში. ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ კვირას განაცხადა, რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მკაცრი კარანტინის ხელახლა გამოცხადების ზღვარზე იმყოფება.

გარსეტის თქმით, ქვეყანაში პანდემიის ერთიანი, ცენტრალიზებული მართვა არ არსებობს. ის პანდემიის მასშტაბების ზრდაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

ერიკ გარსეტი, ლოს-ანჯელესის მერი
ერიკ გარსეტი, ლოს-ანჯელესის მერი

"მისი [პანდემიის] პოლიტიზირება მოხდა, იმის ნაცვლად რომ ის ჩვენი გამაერთიანებელი ყოფილიყო. დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, ჩვენ ბედის ანაბარა დაგვტოვეს" - უთხრა გარსეტიმ კვირას ტელეკომპანია "სი-ენ-ენს". მან პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდა შეწყვიტოს ხალხისთვის იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. "თუკი ყველა, მთელი ერი არ გავერთიანდით ერთიანი ეროვნული მართვის ქვეშ, მეტი ადამიანის დაღუპვის მომსწრე გავხდებით" - განაცხადა ლოს-ანჯელესის მერმა.

როგორც ინფიცირებულების, ისე გარდაცვლილთა რიცხვით, შეერთებული შტატები მსოფლიოს ლიდერია. კვირას ერთ დღეში პანდემიის გამო 500-ზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა. ამ მომენტისთვის შეერთებულ შტატებში დადასტურებულად ინფიცირებულია 3 899 358 ადამიანი. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა 143 310 ამერიკელი.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს ყოველივე უპრეცედენტოდ გაზრდილი ტესტირების ბრალია. "ინფიცირება იზრდება. აქედან ბევრი შემთხვევებადაც კი არ უნდა ითვლებოდეს" - უთხრა მან კვირას ტელეკომპანია "ფოქსის" ჟურნალისტ კრის უოლესს. "შემთხვევები იზრდება, რადგან ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ტესტირება გვაქვს" - ამბობს პრეზიდენტი.

ევროპა ეკონომიკის აღდგენაზე გადაერთო

სიტუაცია განსხვავებულია ევროპის კონტინენტის უმეტეს ნაწილში. ევროპის კავშირის ლიდერები ახლა ფოკუსირებულები არიან პანდემიით დაზარალებული ბლოკის ეკონომიკის აღორძინებით. ისინი ბრიუსელში შეიკრიბნენ, რომ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმდნენ.

ბრიუსელში სამიტი პარასკევს დაიწყო და დღესაც გრძელდება. პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ევროპის კავშირის ლიდერები არა ვირტუალურად, არამედ ერთმანეთს პირისპირ ესაუბრნენ.

ბლოკის 27 სახელმწიფოს ლიდერთა შეხვედრის მთავარი თემაა 750 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი. ამასთან, ისინი ევროპის კავშირის ახალი, შვიდწლიანი საბიუჯეტო გეგმის დამტკიცებაზეც მსჯელობენ.

ეკონომისტების პროგნოზების მიხედვით, ბლოკის ეკონომიკის მოცულობა წელს 8.3%-ით შეიკვეცება. ევროკავშირის ეკონომიკა ახლა ღრმა რეცესიას განიცდის. პანდემიის გამო, ევროპაში 3 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 200 000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

განსხვავებული ვითარებაა ესპანეთში, სადაც კატალონიის შტატის სამ დიდ ქალაქში მცოვრებ 96 ათასზე მეტ ადამიანს ისევ კარანტინში ყოფნა უწევს. ცოტა ხნით ადრე, კარანტინი გამოცხადდა ქალაქ ბარსელონაში, სადაც 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG