არათუ საქართველოში, არამედ შეერთებულ შტატებშიც ბევრმა არ იცის, რომ ნიუ ჰემფშირის პრაიმერზე საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა დამატებით 36-მა კანდიდატმა მიიღო. უმეტესობას ამერიკელი ელექტორატის უდიდესი ნაწილი არათუ დანარჩენ შტატებში, არამედ ნიუ ჰემფშირშიც კი არ იცნობს. თეთრ სახლში დაბინავების პრეტენდენტები ხშირად დაუჯერებლად ექსცენტრიულ პროგრამებს აყენებენ:
„მე ტირანი ვარ, რომლის ნდობაც თქვენ შეგიძლიათ და უნდა დამრთოთ ნება თქვენი ცხოვრება ვმართო“ - ამბობს პირველი.
„უფასო პონი“ - კანდიდატი თითოეულ ამერიკელ მოქალაქეს თითო ჯუჯა ცხენის უფასოდ დარიგებას სთავაზობს.
„იძულებითი კბილების ხეხვა“ - ეს უკანასკნელი კი საკანონმდებლო რეფორმის აუცილებლობას ამტკიცებს.
ნიუ ჰემფშირის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება დემოკრატიის უმაღლეს გამოვლინებად ითვლება. აქ ყველაზე ადვილია საპრეზიდენტო კანდიდატთა სიაში მოხვედრა. ამისათვის სულ ათასი დოლარი უნდა გადაიხადოთ და მინიმალური ბიუროკრატიული ბარიერები გადალახოთ.
ასე რომ პრაიმერზე ჯამში 44 კანდიდატია და მათ უმრავლესობას საკუთარ ქალაქებშიც კი არ იცნობენ. შტატის მოქალაქეები ხუმრობენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიებზე უფრო მეტი ჟურნალისტია, ვიდრე ამომრჩეველი.
ეს ბობ გრინია, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. მას მხოლოდ და მხოლოდ ერთი პლატფორმა აქვს: ბირთვულ ელექტროსადგურებზე ურანი შეიცვალოს უცნაური დასახელების ელემენტით, რომელსაც ის „თორიუმს“ უწოდებს.
„თუკი შემდეგი 50 წლის განმავლობაში ყველა ატომურ რეაქტორს შევცვლით და ახალ სისტემაზე გადავიყვანთ, დედამიწაზე გლობალური დათბობის პროცესს შევაჩერებთ“ - ამბობს ის.
ჰომოსექსუალი კანდიდატის ფრედ კარგერის წინასაარჩევნო პროგრამა შედარებით სოლიდურად გამოიყურება. ის სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობაზე და ამერიკის ეკონომიკის პრობლემებზე საუბრობს. ამომრჩეველ ფილიპ მაოს მოსწონს მისი საარჩევნო პროგრამა, მაგრამ ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:
“მინდა ვიცოდე, თუ რამდენად შესწევს მას ძალა მიტ რომნი და დანარჩენი პოპულარული და სქელჯიბიანი კანდიდატები დაამარცხოს. ისე კი, ძალიან მომწონს“ - ამბობს ის.
უნდა ვივარაუდოთ, რომ კანდიდატებს მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენზე მათი სახელი და გვარის დაფიქსირება მოსწონთ და არ აქვთ ილუზია, რომ ისინი მოწინავე საპრეზიდენტო კანდიდატებს დაამარცხებენ, - უმრავლესობას მაინც.