ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გახსნას უარყოფითი რეაქცი მოჰყვა


თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ივანკა ტრამპი (პრეზიდენტის შვილი) საელჩოს გახსნაზე
თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ივანკა ტრამპი (პრეზიდენტის შვილი) საელჩოს გახსნაზე

დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრაზე ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებას განიხილავს. იქ ამ დღეებში, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მსხვერპლიანი დაპირისპირება მოხდა.

გაეროს შეკრების წინ, ღაზაში მომხდარის გამო, ქუვეიტის მთავრობამ “აღშფოთება და წუხილი” გამოთქვა. ისრაელის ჯარისკაცების მიერ 50-ზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელის მოკვლასთან დაკავშირებით, ქუვეიტი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. თუმცა, გაეროს დიპლომატების თქმით, ეს ინიციატივა დაბლოკა შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ისრაელის მოკავშირეა.

იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანას ამერიკის ბევრი მოკავშირე აკრიტიკებს, რადგან ეს, მათი აზრით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. მათ შორის არიან ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერები.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პრესსპიკერის თქმით, ლონდონი არ ეთანხმება “საელჩოს იერუსალიმში გადატანას და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობას” მანამ, სანამ ახლო აღმოსავლეთში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო ღაზის სექტორში მომხდარი ძალადობა და თქვა, რომ ამის თაობაზე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ გააფრთხილა.

ტრამპის ამ ნაბიჯის წინააღმდეგია რუსეთიც და არაბული სამყაროს ბევრი ლიდერი. ლიბანის პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის თქმით, ეს “პროვოკაციული” ნაბიჯია.

თურქეთის მთავრობამ ამერიკიდან და ისრაელიდან "კონსულტაციის" აუცილებლობის საბაბით, თავისი ელჩები გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას საგანგებო შეხვედრისკენ მოუწოდა. ეს მსოფლიოში მუსლიმი უმრავლესობის მქონე ქვეყნების ყველაზე დიდი გაერთიანებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG