ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეკონომიკა მთავარი გამოწვევაა - NDI-ს ახალი კვლევა


საქართველოში, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეკონომიკა მათთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა ისევ მაღალია. მოსახლეობის 78 პროცენტი ევროკავშირში, ხოლო 71 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

კვლევა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, დღეს გამოქვეყნდა. უახლესი გამოკითხვა საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარეს.

ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 2010 წლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებს შორის. დღეს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

70 პროცენტის თქმით, საქართველოს ეკონომიკა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აძლევს სარგებელს. 84 პროცენტის აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხიმგებელი.

გამოკითხულებისთვის მთავარი ეროვნული საკითხები კვლავ ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები (48 პროცენტი), ფასების ზრდა და ინფლაცია (34 პროცენტი) და სიღარიბე (33 პროცენტი). მოსახლეობის 21 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43 პროცენტი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა.

გამოკითხული მოსახლეობის ნახევარმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა. მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში, 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ ახერხებს 54 პროცენტი. მოქალაქეების მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ დანაზოგი აქვს.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული პესიმიზმი იზრდება, რაც სავარაუდოდ, მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის უარყოფით შეფასებას უკავშირდება,” - ამბობს ლორა თორნტონი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი. “მოქალაქეები ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლად ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ. ეს პირდაპირი მესიჯია ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პროგრამები შეიმუშავონ” - აღნიშნავს ის.

ჯანდაცვაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და ხელმისაწვდომობით კმაყოფილია, სამედიცინო მომსახურების და წამლების მაღალი ფასები მათთვის მაინც შემაშფოთებელია. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურების (54 პროცენტი) და წამლის ყიდვის გადადება (50 პროცენტი) მოუწია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG