ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 84 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს. მოსახლეობის 33 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თითქმის ამდენივე (32 პროცენტი) თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. ასევე ახლოს დგას იმ ადამიანების რიცხვი (31%), რომლებიც ფიქრობენ, რომ სიტუაცია არ იცვლება.
მოსახლეობის 63 პროცენტი თავს უმუშევრად თვლის, საიდანაც 37 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს. ამასთან, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (72%) მიიჩნევს, რომ საქართველო საცხოვრებლად უკეთესია ვიდრე 15 წლის წინ.
თანაბრად არის გაყოფილი მათი აზრი ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს (49% ამბობს, რომ ეს ასეა), ამ მოსაზრებას მოსახლეობის თითქმის ნახევარი არ ეთანხმება (48%). პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 38%, რაც 2013 წლის ნოემბერთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია. 2013 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით პოლიციის საქმიანობა მოსახლეობის 62 პროცენტს მოსწონდა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, შემცირებულია ეკლესიის რეიტინგიც. თუ ერთი წლის წინ ეკლესიის საქმიანობას დადებითად 72 პროცენტი აფასებდა, დღეს ეკლესიის ეს რიცხვი 58-ია.
პოლიტიკური რეიტინგების კუთხით, მოსახლეობის 29% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნებაა, ხოლო 10% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. მოსახლეობის 4 პროცენტს პატრიოტთა ალიანსი მოსწონს, ხოლო 3%-ს ლეიბორისტული პარტია. არცერთი პარტია არ მოსწონს 38%-ს. ამასთან, გამოკითხულთა 79%-ს სმენია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა პარტია დატოვეს და ახალ პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ დააფუძნეს. გამოკითხულთა 17% თქმით, ევროპული საქართველოს შექმნა ოპოზიციას გააძლიერებს, ასევე 17 პროცენტი საპირისპიროს ფიქრობს. ხოლო 47%-ის აზრით არაფერი შეიცვლება.
ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა, ვისაც რუსთავი 2 საქმის შესახებ სმენია, თვლის, რომ რუსთავი 2-ის საქმეში მთავრობა ერეოდა.
კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 7-28 აპრილის შუალედში ჩატარდა. გამოიკითხა 2493 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს სამხერთ კავკასიის კვლევების და რესურსების ცენტრის საქართველოს ოფისი (CRRC-საქართველო). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.
Facebook Forum