ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC-საქართველო) დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.
კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს“ გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერდა „ქართულ ოცნებას“, 10%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 3%-მა კი – „ევროპული საქართველო“.
სხვა პარტიები დაასახელა გამოკითხულთა 7%-მა, ხოლო 24% არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 69%-მა არ იცის, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. მოსახლეობის იმ 25%-დან, რომელსაც სმენია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, 60% მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდატი პარლამენტში. (თბილისის მოსახლოების 73% არ იცის, ვინ არის მათი მაჟრიტარი, პატარა ქალაქებსა და სოფლებში ეს მაჩვენებელი 47%-ია.)
NDI-ს შეკითხვაზე, თუ როგორი ასოციაცია უჩნდებათ მოქალაქეებს გენდერულ თანასწორობაზე - დადებითი ასოციაცია მოსახლეობის 67%-ს აქვს, ხოლო უარყოფითი –23%-ს. მოსახლეობის კიდევ უფრო მცირე ნაწილს უჩნდება დადებითი ემოცია ტერმინ ფემინიზმზე. აქ გამოკითხულთა მხოლოდ 26%-ს აქვს დადებითი ემოცია, უარყოფითი უფრო მეტს – 34%-ს.
გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალებისთვის კვლავ პრობლემაა ოჯახში ძალადობა (74% კაცი, 84% ქალი), ხოლო 72% პრობლემად ადრეულ ქორწინებას ასახელებს (69% კაცი, 75% ქალი).
ქალების სიმცირეს პოლიტიკაში პრობლემად გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, პარლამენტში სავალდებულო კვოტირების შემოღებას კი 49% უჭერს მხარს. გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პარლამენტში მანდატების საუკეთესო განაწილება 50/50 იქნებოდა, ხოლო 37%-ისთვის საუკეთესო განაწილება 30% ქალი და 70% კაცია.
კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს პერიოდს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKAID-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვებს ატარებს CRRC საქართველო.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
Facebook Forum