ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის კრიტიკოსზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა "ოსკარი" მოიპოვა


ფილმის "ნავალნი" დაჯილდოება "ოსკარების" ცერემონიაზე. ლოს-ანჯელესი, აშშ. 12 მარტი, 2023 წ.
ფილმის "ნავალნი" დაჯილდოება "ოსკარების" ცერემონიაზე. ლოს-ანჯელესი, აშშ. 12 მარტი, 2023 წ.

"ოსკარების" ცერემონიაზე ამერიკულმა ფილმმა "ნავალნი" საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია კვირას, 12 მარტს, ტრადიციულად ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ფილმი "სი-ენ-ენის" (CNN) და ეიჩ-ბი-ოს" (HBO) ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. ის მაყურებელს ალექსეი ნავალნიზე, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე მოუთხრობს, რომელიც 2021 წელს მოწამლეს და გერმანიაში მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს.

"ნავალნის" მანამდეც არაერთი პრესტიჟული პრიზი აქვს აღებული. მათ შორისა ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც მას მიანიჭა ბრიტანეთის კინოს და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიამ "ბაფტა" (BAFTA).

ცერემონიაზე ფილმის რეჟისორს დანიელ როჰერს თან ახლდა ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია. "ჩემი ქმარი ციხეში მარტო სიმართლის თქმისთვის ზის. ჩემი ქმარი ციხეში მხოლოდ დემოკრატიის დაცვისთვის ზის. ალექსეი, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა შენ თავისუფალი იქნები და ჩვენი ქვეყანაც გათავისუფლდება. მტკიცედ იდექი, ჩემო სიყვარულო" - თქვა ნავალნის მეუღლემ "ოსკარით" ფილმის დაჯილდოების შემდეგ.

46 წლის ალექსეი ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოპოზიციონერია. ის რეჟიმმა არაერთხელ დააკავა და ახლაც რამდენიმე ბრალდებით იხდის ვადას გაძლიერებული უსაფრთხოების კოლონიაში. მხარდამჭერები თვლიან, რომ ნავალნი კრემლმა მოწამლა და ახლა მას პოლიტიკურად დევნის. მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

დოკუმენტურ ფილმში ნავალნი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ახასიათებს, როგორც ჭკუიდან გადამცდარ ადამიანს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ "სულელური ომი" წამოიწყო. მისი თქმით, ომში ორივე მხრიდან უცოდველი ხალხი იხოცება.

ფილმის დასასრულს, ნავალნის ეკითხებიან: რა იქნებოდა რუსი ხალხისთვის ბოლო გზავნილი, თუ მას მოკლავენ? "დანებების უფლება თქვენ არ გაქვთ" - განაცხადა პასუხად რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG