ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსეი ნავალნი ტერორისტთა სიაში შეიყვანეს


ალექსეი ნავალნი

კრემლის კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი მის რამდენიმე მოკავშირესთან ერთად "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანეს.

საინფომაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ სამართალდამცავი უწყებები ოპოზიციონერის ძმის, ოლეგ ნავალნის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლას მოითხოვენ. მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი გასული წლის იანვარში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდებების გამო მიუსაჯეს და კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევაში დასდეს ბრალი.

ალექსეი ნავალნი 2020 წელს ნერვული აგენტით მოწამლეს, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდა, თუმცა დაბრუნებისთანავე დააკავეს. ნავალნის ედავებიან, რომ პირობითი სასჯელის წესები დაარღვია, რომელიც მას თაღლითობის საქმეზე ჰქონდა მისჯილი. მისი პოლიტიკური გაერთიანება "ექსტრემისტულად" გასულ წელს გამოაცხადეს.

"ტერორისტად" გამოცხადება ნიშნავს, რომ ნავალნი და მისი მოკავშირეები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვანი საბანკო ტრანზაქციების შესრულებას და ყოველთვის, როცა საკუთარი ანგარიშების გამოყენება დასჭირდებათ, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა აიღონ.

ნავალნის თანაშემწე ლეონიდ ვოლკოვი, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა, ამბობს, რომ "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" ამ ჯგუფთან მუშაობით ამაყობს და ამ ნაბიჯით "კრემლი უფრო ღრმა საფლავს ითხრის". ამავე სიაში შეიყვანეს ნავალნის კიდევ ერთი მოკავშირე, ლუბოვ სობოლიც. ორივე მათგანმა რუსეთი დაპატიმრების საფრთხის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

XS
SM
MD
LG