ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ადრე თუ გვიან, ადამიანები კვდებიან“,- ნარიშკინი ნავალნიზე


კრემლი აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის მთავარი კრიტიკოსად მიჩნეული ალექსეი ნავალნი არავის მოუკლავს და ის უბრალოდ უეცრად გარდაიცვალა. სერგეი ნარიშკინი, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარდაცვალება ბუნებრივი მოვლენაა და ნავალნის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა.

„სამწუხაროდ, ადამიანებს აქვთ თავისებურება, რომ ადრე თუ გვიან სიცოცხლე მთავრდება, ისინი კვდებიან. დიახ ნავალნი ბუნებრივად გარდაიცვალა“,- ამბობს ნარიშკინი და განმარტავს, რომ დასავლეთის ქვეყნებში გაკეთებული განცხადებები, რომ ალექსეი ნავალნი მოკლეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ნარიშკინი ამბობს, რომ ნავალნის მკვლელობაზე საუბარი „ამორალურია“.

„რა შეიძლება კიდევ ითქვას? - ეს ხომ პროგნოზირებადი იყო. ეს არის ამორალური.. აღმაშფოთებელია, როცა დასავლეთში სატანისტური რიტუალები სრულდება ნავალნის კუბოს გარშემო“, - აცხადებს სერგეი ნარიშკინი.

47 წლის ალექსეი ნავალნი ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში, რუსეთის ციხეში, 16 თებერვალს გარდაიცვალა. კრემლი ამბობს, რომ სიკვდილის მიზეზი უეცარი გარდაცვალების სინდრომი გახდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნიმ გონება მაშინ დაკარგა, როცა ის სეირნობიდან საკანში ბრუნდებოდა.

რუსეთის სახელმწიფო სამსახურების ცნობით, ნავალნის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ვიდრე კრემლი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდა, რამდენიმე საათით ადრე, წინა დღეს, კრემლის მთავარი კრიტიკოსი სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდა. კადრებში ჩანს, რომ ალექსეი ნავალნი თავს კარგად გრძნობდა.

ნავალნის მხარდამჭერები და გუნდის წევრები ამბობენ, რომ არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის და აცხადებენ, რომ ნავალნი კრემლმა მოკლა. მათი თქმით, გარდაცვალების ცნობის გავრცელების დროსთან და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორის ცდომილებები და უზუსტობებია, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, იმის შესახებ, რომ ნავალნი მოკლულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG