ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის ქვრივი რუსებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს


იულია ნავალნაიამ, რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, ორშაბათს განაცხადა, რომ გააგრძელებს მეუღლის ბრძოლას თავისუფალი რუსეთისთვის და მოუწოდებს მხარდამჭერებს, შეებრძოლონ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფრო დიდი ბრაზით, ვიდრე ოდესმე.

ცხრაწუთიან ვიდეო მესიჯში, 47 წლის ნავალნაიამ თქვა, რომ პუტინმა მოკლა მისი ქმარი და მის ორ შვილს მამა წაართვა. მან თქვა, რომ მისი გარდაცვლილი მეუღლის ბრძოლას გააგრძელებს.

"მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ რუსეთში, მინდა ავაშენო თავისუფალი რუსეთი", - თქვა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში სათაურით "მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს".

”მოგიწოდებთ, რომ გვერდით დამიდგეთ”, - თქვა მან. "გთხოვთ, გაიზიაროთ გაბრაზება. რისხვა, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა“, - ამბობს ვიდეო მიმართვაში ნავალნაია.

ნავალნის მეუღლემ რუსეთის ხელისუფლება თავისი ქმრის ცხედრის დამალვაში და მისი სხეულიდან ნოვიჩოკის ნერვული აგენტის კვალის გაქრობაში დაადანაშაულა.

„ვლადიმირ პუტინმა ჩემი ქმარი მოკლა. ალექსეის მოკვლით პუტინმა ჩემი ნახევარი, ჩემი გულის ნახევარი და სულის ნახევარი მოკლა“, - თქვა მან.

კრემლი უარყოფს ნავალნის სიკვდილში მონაწილეობას და აცხადებს, რომ დასავლეთის პრეტენზიები, რომ პუტინი იყო პასუხისმგებელი მკვლელობაში, მიუღებელია. პუტინმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი უპასუხებს ყველას იმ შემთხვევაში, თუ უცხოური ძალები რუსეთში, მარტში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან.

სასჯელაღსრულების დაწესებულების თქმით, 47 წლის ნავალნი უგონოდ დაეცა და მოულოდნელად გარდაიცვალა პარასკევს, სეირნობის შემდეგ. ნავალნი არქტიკაში "პოლარული მგლის" სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდიდა სასჯელს.

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ გამოძიება მისი გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს.

ნავალნაია ყოველთვის მხარს უჭერდა ქმარს რუსეთის ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ესწრებოდა მის სასამართლო სხდომებს, იდგა მის გვერდით მიტინგებზე და ელოდა პატიმრობიდან მის გათავისუფლებას.

"მთავარი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ალექსეისთვის და საკუთარი თავისთვის არის ბრძოლა. უფრო შეუპოვარი, უფრო სასტიკი ვიდრე ადრე", - თქვა მან თავის ვიდეო მესიჯში.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რატომ მოკლა პუტინმა ალექსეი სამი დღის წინ. ამაზე მალე მოგახსენებთ, აუცილებლად გავარკვევთ, ვინ და ზუსტად როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. სახელებს დავასახელებთ და სახეებს ვაჩვენებთ",- პირობას დებს ნავალნის ქვრივი.

XS
SM
MD
LG