ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგის თქმით, ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა


ლატვიის დედაქალაქში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, 29 ნოემბერს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რიგაში ქვეყნის პრეზიდენტ ეგილს ლევიტს შეხვდა.

გენერალურმა მდივანმა ნატოს მიმართ ლატვიის ერთგულება შეაქო და თქვა, რომ „თქვენ ლიდერობთ მაგალითის მიცემით თავდაცვაზე გაწეული ხარჯებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე მეტს თავდაცვას ახმართ, ინვესტიციას ახდენთ მსხვილ აღჭურვილობაში და აქტიურად შეგაქვთ წვლილი რეგიონულ წვრთნებში. უზრუნველყოფთ, რომ ჩვენი ძალები კარგად გაწვრთნილი და მომზადებული იყოს“.

ლიდერებმა იმსჯელეს ნატოს შემაკავებელ ყოფნაზე რეგიონში და უსაფრთხოების უფრო ფართო გარემოზე, მათ შორის უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრაზე, რაც წელს მეორედ ხდება და ასევე ბელარუსის საზღვართან ვითარებაზე. „ჩვენ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ და მოკავშირეების დასახმარებლად მზადყოფნაში ვართ“, თქვა გენერალურმა მდივანმა.

მანამდე, ორშაბათს, სტოლტენბერგი კანადის მეთაურობის ქვეშ მყოფ მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს ადაზის ბანაკში ეწვია. მას ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკისი და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ახლდნენ. გენერალურმა მდივანმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ 10 მოკავშირესთან ერთად, ლატვიის ძალები მსახურობენ „რათა აგრესია შეაკავონ და მშვიდობა შეინარჩუნონ“ რეგიონში. ეს ძალები „გზავნის ნათელ შეტყობინებას: ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმაა... ისინი ტრანსატლანტიკური კავშირის უწყვეტ ძალას აჩვენებენ“, თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი, სამშაბათს და ოთხშაბათს, რიგაში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თავმჯდომარე იქნება.

XS
SM
MD
LG