ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნასას" ზონდი 2029 წელს ასტეროიდის დედამიწასთან მოახლოებას დააკვირდება


ასტრონომების წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 5 ½ წლის შემდეგ, ასტეროიდი რომლის სიგანეც „ემპაიარ-სტეიტ ბილდინგის“ სიმაღლეს უტოლდება, დედამიწას 32 200 კილომეტრის დაშორებით ჩაუქროლებს. ეს არის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ახლო მანძილი, რომელზეც ასეთი ზომის ნებისმიერი ციური სხეული დედამიწას მოახლოებია.

როდესაც ეს მოხდება, მოსალოდნელია რომ „ნასას“ მიერ 2016 წელს გაშვებული კოსმოსური ხომალდი ისეთ პოზიციაში იქნება, რომ ასეთი იშვიათი შემთხვევის დეტალური შესწავლა შეძლოს.

მოელიან, რომ არიზონელი მეცნიერების მიერ მართული მისია შეგვიქმნის უკეთეს წარმოდგენას პლანეტების ჩამოყალიბების პროცესის გაგებაზე. ამას გარდა, ის მოგვცემს ცოდნას, რომელიც გამოდგება დაცვის სისტემის შესაქმნელად იმ შესაძლო დამღუპველი შემთხვევის წინააღმდეგ, რაც ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახებას შეიძლება მოჰყვეს.

2004 წელს, როდესაც ეს ასტეროიდი აღმოაჩინეს, მას „აპოფისი“ უწოდეს. ეს დემონური ქვეწარმავლის სახელია, რომელშიც ძველი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, განსხეულებულია ბოროტება და ქაოსი. როგორც ჩანს, ასტეროიდი დედამიწასთან შეჯახების საფრთხეს წარმოადგენდა და მეცნიერები პოტენციურ შეჯახებას 2029 წლისთვის ვარაუდობდნენ. შემდგომი, უფრო ზუსტი გათვლებით და დაკვირვებებით, სულ ცოტა კიდევ ერთი საუკუნის განმავლობაში შეჯახების რისკი გამოირიცხა.

მიუხედავად ამისა, 2029 წელს, დედამიწასთან მორიგი მოახლოების დროს, ასტეროიდი მთვარემდე მანძილის ერთ მეათედზე ნაკლებით იქნება დაშორებული და დედამიწის ზოგიერთი გეოსინქრონული თანამგზავრის ორბიტის შიგნით აღმოჩნდება.

ასტეროიდთან შესახვედრად მიფრინავს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-Rex, რომელიც ცნიბილია იმით, რომ სამი წლის წინ, სხვა ასტეროიდიდან ნიადაგის სინჯი აიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა კაფსულით, რომელიც სექტემბერში იუტის შტატში პარაშუტით დაეშვა.

XS
SM
MD
LG