ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური სუიციდი - "დართი" ასტეროიდს დღეს შეეჯახება და მისი ტრაექტორიის შეცვლას შეეცდება


კოსმოსური სუიციდი - "დართი" ასტეროიდს რამდენიმე საათში შეეჯახება

დედამიწიდან სტარტის აღებიდან 10 თვის თავზე, ნასას ზონდი "დართი" ასტეროიდს მიუახლოვდა და სულ რამდენიმე საათში, ვაშინგტონის დროით საღამოს 7 საათზე, ის ასტეროიდს შეეჯახება და შეეცდება მას მიმართულება შეუცვალოს.

ეს პლანეტათაშორისი თავდაცვის სისტემის გამოცდის პირველი შემთხვევაა. ის მიზნად ისახავს ასტეროიდის ან ნებისმიერი სხვა ციური სხეულის ტრაექტორიის შეცვლას და მომავალში დედამიწასთან მისი შესაძლო შეჯახების თავიდან აცილებას.

"დართი" (DART) აბრევიატურაა და იშიფრება როგორც ორმაგი ასტეროიდის მიმართულების შეცვლის ტესტი. მისი სამიზნე ასტეროიდი დიმორფოსია, რომელიც შედარებით დიდი ზომის, დიდიმოსის გარშემო მოძრაობს. დიდიმოსის დიამეტრი 780 მეტრია, დიმორფოსის - 130.

თავად კუბის ფორმის ზონდი "დართი" დაახლოებით საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანის ზომისაა და მზის ბატარეებით აღჭურვილი ორი ფრთა აქვს. ასტეროიდი დიმორფოსი დაახლოებით ფეხბურთის სტადიონის ზომის ციური სხეულია, რომელიც დედამიწიდან საშუალოდ 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით მოძრაობს. ამ ეტაპზე პლანეტასთან მისი შეჯახების საშიშროება არ არსებობს.

დედამიწის ორბიტაზე "დართი" 2021 წლის ნოემბერში კომპანია "სფეის-იქსის" რაკეტა "ფალკონმა" გაიყვანა. მას ამ 10 თვის მანძილზე ნასას - შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის - მეცნიერები მართავდნენ. მისიის მართვის ცენტრი მერილენდში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG