ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოძრაობა დანარჩენი საქართველოსკენ


ენგურის სარკინიგზო ხიდი

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ბალბერი ესწრებოდნენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ისაუბრეს. ეს ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ხვდება ურთიერთობის პოლიტიკური ასპექტების დიალოგის ფორმატში განსახილველად. როგორც წესი, შეხვედრებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. ამდენად, ჟენევის მოლაპარაკებებს განსაკუთრებული და ექსკლუზიური დატვირთვა აქვს.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დღეს გაცილებით აქტიურად მუშაობს ნდობის აღდგენის მიმართულებით როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პირადად ოთხჯერ დაესწრო შეხვედრას აფხაზეთის მხარის მონაწილეებთან ერთად.

აბსოლუტურად ყველა დაკავებული იქნა გათავისუფლებული. ეს ფაქტი, რასაც ახლა ჰქონდა ადგილი, ამ მოლაპარაკებების დროს, ვგულისხმობ გათავისუფლებას, არის ძალიან კარგი, მისასალმებელი და იმედის მომცემი, გარკვეულწილად, რადგან ასეთი შემთხვევები არ ფიქსირდებოდა აქამდე. გარკვეული ძვრები მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია.
სოსო ვახტანგაშვილი

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მოქალაქეები, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ქართული სერვისით სარგებლობენ, რაც მათთვის ფინანსური დანახარჯების გარეშეა შეთავაზებული. უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობის მაჩვენებელი.

„ერთი ასად გაზრდილია მოძრაობა მოსახლეობისა როგორც აფხაზეთიდან, ისე სამხრეთ ოსეთიდან დანარჩენი საქართველოს მიმართულებით, პირველ რიგში, სამკურნალოდ. ფანტასტიკურად გაზრდილია რაოდენობა ავადმყოფებისა და პაციენტებისა, რომლებიც ჩამოდიან აქ და ენდობიან საქართველოს ჯანდაცვას. გაიზარდა, ახალი ტენდენცია გამოჩნდა ადამიანებისა, ვინც არა მხოლოდ უფასო მკურნალობისთვის ჩამოდიან საქართველოში, არამედ უკვე ისე ენდობიან ქართულ ჯანდაცვას, რომ მას შემდეგ, რაც ამოეწურებათ უფასო მკურნალობის რესურსი, უკვე თვითონ იხდიან ფულს. ისინი მოდიან იმ პროფესორებთან და საავადმყოფოებში, რომლებსაც იცნობენ, რათა გააგრძელონ მკურნალობა. ანუ, უკვე ფულს იხდიან.

"მეტიც, ცხინვალიდან ჩამოდის უამრავი ადამიანი დასასვენებლად ქობულეთში, ბათუმში. მათ არ აქვთ ზღვა და ყველაზე ახლოს მათთვის ქობულეთისა და ბათუმის კურორტებია. ყველაზე ბოლოს, 2008 წელს იყო მსგავსი შემთხვევა. ომი აგვისტოში დაიწყო და მაშინ უამრავი ადამიანი გარბოდა ცხინვალში, ვინც საქართველოს კურორტებზე ისვენებდა. ახლა, ამ ამბიდან რვა წლის თავზე, ამ ხალხმა დაიწყო მოძრაობა დანარჩენ საქართველოში დასასვენებლად. ამ სამწლიანმა მშვიდობიანმა პაუზამ შეიძლება მოიტანა არა ზაქარეიშვილის შეხვედრა რომელიმე ოსთან, არამედ ბევრი ოსის ჩამოსვლა დანარჩენ საქართველოში,“- აცხადებს მინისტრი.

"ამერიკის ხმა" პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრს სოსო ვახტანგაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ორი დღის წინ ერგნეთის მოლაპარაკებების შემდგომ, ცხინვალიდან ყველა პატიმარი გაათავისუფლეს, რომელიც ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.

„ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ცხინვალის მხარემ გამოუშვა ყველა დაკავებული, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა, ამ ეგრეთ წოდებული პირობითი საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ყველა დაკავებული იქნა გათავისუფლებული. ეს ფაქტი, რასაც ახლა ჰქონდა ადგილი, ამ მოლაპარაკებების დროს, ვგულისხმობ გათავისუფლებას, არის ძალიან კარგი, მისასალმებელი და იმედის მომცემი, გარკვეულწილად, რადგან ასეთი შემთხვევები არ ფიქსირდებოდა აქამდე. გარკვეული ძვრები მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია,“ აცხადებს სოსო ვახტანგაშვილი, პარლამენტარი.

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის პროცესი წინ მძიმე ნაბიჯებით მიიწევს. ამ დროისთვის ოფიციალურ დონეზე ურთიერთობის მხოლოდ ერთი არხი მუშაობს. რაც შეეხება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას, მათი კონტაქტი ქართულთან მხოლოდ ნათესაური კავშირების ხარჯზეა შენარჩუნებული.

XS
SM
MD
LG