ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამშრომლობის მაგალითები და საჭიროებები დე-ფაქტო ადმინისტრაციებთან


სოხუმი, ამერიკის ხმის ფოტო
სოხუმი, ამერიკის ხმის ფოტო

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვარი ქართულ და ოსურ სოფლებს შორის გადის და იმდენად შეჭრილ-შემოჭრილი და დაკლაკნილია, რომ იქ ადაპტირებას მხოლოდ ადგილობრივები, ან სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი მისიები ართმევენ თავს. მთიანი რელიეფის გამო ამ ადგილებში განლაგებულ სასმელი და სარწყავი წყლის არხებს, რომლებიც 2008 წლის ომამდე ფუნქციონირებდა, ზიგზაგის ფორმა აქვს და ოსურ და ქართულ სოფლებს შორის გადის. 2008 წლის შემდეგ, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში წყლის მიწოდების თვალსაზრისით დიდი პრობლემა შეიქმნა, იმის გამო, რომ ყველა სათავე ნაგებობა შედარებით მთაგორიან - ცხინვალის მხარეს აღმოჩნდა, ქართულ-ოსურ მხარეს შორის ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის საჭიროებები უფრო მეტი სიმწვავით დადგა. სხვებთან ერთად, ამ პრობლემატიკის დასაძლევად ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრები იმართება, თუმცა ქართულ-ოსური თანამშრომლობის მაგალითების მოყვანა იოლ საქმეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

რაც შეეხება აფხაზეთს, ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი ენგურის კაშხალია. იმის გამო, რომ თავად კაშხალი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, გენერაციის ობიექტები კი აფხაზურზე, თანამშრომლობას ადგილი აქვს. ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „ჩვენი მთავარი გენერაციის ობიექტი, რომელიც არის ენგურჰესი და რომელიც ენერგოსისტემას ამარაგებს საბაზისო ენერგიით, არის აფხაზეთის ადმინისტრაციის საზღვართან უშუალოდ. რეზერვუარი დანარჩენი საქართველოს მხარესაა, გენერაციის ობიექტები კი ადმინისტრაციული აფხაზეთის მხარეს, ეგრეთ წოდებული საზღვრის იქით. მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულებები, მათ შორის ურთიერთდახმარების, სამხედრო თანამშრომლობის, უსაფრთხოების შესახებ, ჩვენი ენგურზე არსებული შეთანხმება, რომელიც უფრო მეტად ატარებდა სიტყვიერი და ჯენტლმენური შეთანხმების ხასიათს, გარკვეული რისკების ქვეშ დადგა. ჩემი აზრით, საჭიროა მოწესრიდგეს ვითარება ამ მიმართულებით, თუმცა ეს როგორ უნდა მოხდეს არსებულ ვითარებაში არ ვიცი, რადგან ძალიან დაძაბულია ვითარება რეგიონში მთლიანად“.

ჯიპას პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით ქართული და აფხაზური მხარეები უბრალოდ იძულებულები არიან ითანამშრომლონ. რაც შეეხება სხვა პრეცედენტებს, მათ შესაქმნელად პოლიტიკური ვითარება ხელსაყრელ გარემოს არ ქმნის. „ჩვენ გვინდა ურთიერთობის გაუმჯობესება აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ მათი მხრიდან, როგორც წესი, რეაქცია არის ხოლმე უარყოფითი, ისტერიული, გასაგებია რის გამოც - თავის თავს უმტკიცებენ, რომ ჩვენ მტრები ვართ. ეს ერთი და მეორეც: ისინი ბოლომდე თავისუფლები, რა თქმა უნდა, არ არიან. ამიტომაც, თანამშრომლობა დგება მხოლოდ იქ, როდესაც ისინი იძულებულები არიან ითანამშრომლონ. ამის მაგალითია ენგურჰესი. სხვა, წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები არ არსებობს,“- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველო საინტერესოა აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით შეთავაზებული სერვისების თვალსაზრისით და რომ აფხაზები და ოსები საქართველოს მიერ შეთავაზებულ ამ რესურსს იყენებენ.

პოლიტიკური კონიუნქტურა ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანამშრომლობის პრეცენდენტების შექმნისთვის. ამის მაგალითს დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებაც წარმოადგენს, რომელიც ორი დღის წინ გამოეხმაურა საქართველოში ჩატარებულ უეფას სუპერთასის მატჩზე აფხაზი გულშემატკივრების სტუმრობას და განაცხადა, რომ მათ საქმეს უშიშროების სამსახური შეისწავლის.

XS
SM
MD
LG