ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეფასებები და პერსპექტივები კონფლიქტის ზონებისთვის


ახალ წელს საქართველო ძველი პრობლემებით ხვდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომიტეტი, სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, რომელსაც 2014 წლის 1 იანვრამდე რეინტეგრაციის სამინისტრო ერქვა - ამ უწყებების არსებობა ქვეყანაში დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში კონფლიქტური რეგიონები არსებობს. ამერიკის ხმა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა და სთხოვა გასული წლის საქმიანობის შესახებ ესაუბრა, შეხებოდა როგორც მნიშვნელოვან მიღწევებს, ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხრივ არსებულ ვითარებას, ასევე გამოწვევებს, რაც ამ ეტაპისთვის იკვეთება. „გრძელდება ის სამშვიდობო პროცესი, რაც აშკარად მოსაწონი და მოსაღებია ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვის: აშშ-სთვის, ევროკავშირისთვის. ყველა ცალსახად და მკაფიოდ აღიარებენ, რომ ჩვენმა დალაგებულმა, გონივრულმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებით და ორმხრივი კონტაქტების აღდგენის მცდელობამ აფხაზებთან და ოსებთან გამოიღო ის შედეგი, რომ ნამდვილად არის უნიკალური სამშვიდობო პერიოდი დაფიქსირებული, რაც ვერ გააკეთა ვერც ერთმა სხვა ხელისუფალმა დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში,“- ამბობს სახელმწიფო მინისტრი.

პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას შეეხო იმ პერსპექტივებს, რამაც ვიზალიბერალიზაციის პირობებში აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის შეიძლება იარსებოს: „აფხაზები და ოსები დანარჩენ საქართველოშიც დადიან და უკან რომ ბრუნდებიან, პრობლემები არ ექმნებათ, ამიტომ არ მგონია, რომ ევროპაში ჩასვლის და უკან დაბრუნების შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნათ. მე ვერ ვხედავ ვითარების ასეთ განვითარებას. ჯერ ეს ერთი, ვიზალიბერალიზაცია - ეს არაამხოლოდ აფხაზებისთვის და ოსებისთვის პროდუქტი, ესაა მთელი საქართველოსთვის. მათ შორის, აფხაზებისთვის და მათ შორის ოსებისთვის, მაგრამ პირველ რიგში - მთელი საქართველოსთვის. ამიტომ, როგორც არ უნდა ჰქონდეს განვითარება ვიზალიბერალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის, პირველ რიგში არის გაკეთებული დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სიკეთეს გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, განურჩევლად მათი ეთნიკურობისა.“

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი აქტიურადაა ჩართული ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური დიალოგის პროცესში. მისი ორგანიზაცია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს პროექტებს, რომელშიც მონაწილეობას ამ რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანები იღებენ. ამერიკის ხმასთან იგი ამბობს: „ჩვენს რეგიონში (სამხრეთ კავკასია და უკრაინა - ნ.დ,) ყველა მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ამ წელს ნებისმიერი ესკალაცია იქნებოდა ძალიან საშიში საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. შესაბამისად, ის, რომ ამგვარ (როგორსაც ადგილი ჰქონდა უკრაინასა და ყარაბაღში- ნ.დ.) ესკალაციას ადგილი არ ჰქონია, შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ და წლის პოზიტივად მოვიხსენიოთ. რეგიონის გარშემო სიტუაციის დაძაბვა აჩენს საფრთხეს, რომ შესაძლოა, შიგნითაც რაღაც სახით გადმოიღვაროს ეს დაძაბულობა. ამიტომ, გამოწვევა იქნება მომავლი წლისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც მინიმუმ სტაბილურობა და არ გავხდეთ რომელიმე რეგიონული მოთამაშის თამაშის ნაწილი“.

დღევანდელ ღამეს ახალი წლის დადგომას ერთმანეთს მიულოცავენ საქართველოში. კონფლიქტის ზონებში, სადაც უამრავი შერეული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ოჯახი ცხოვრობს და სადაც ტრადიციები განსაკუთრებით მყარია, ლითონის ღობეებსა და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ნათესავებსა და მეგობრებს არავინ ივიწყებს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG