ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული „ისკანდერები“ ჯავაში გამოჩნდა


სურათზე: ორი ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი "ისკანდერ მ"-ის თვითმმავალი გამშვები მანქანა
სურათზე: ორი ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი "ისკანდერ მ"-ის თვითმმავალი გამშვები მანქანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ უახლესი მოდიფიკაცია - „ისკანდერ - მ“ განათავსა.

ამ ბალისტიკურრაკეტას, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება, ზებგერითი სიჩქარით, ნებისმიერი სამიზნის განადგურება, 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ანუ, საქართველოს მთელ ტერიტორიას რომ თავი დავანებოთ, რუს ოკუპანტებს, ცხინვალის რეგიონიდან, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს წევრი თურქეთის -შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილის დაბომბვაც შეეძლებათ. (პლუს, გიუმრის ბაზიდან აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიების - ზ.წ)

რუსი სამხედრო ექსპერტების ცნობით, „ისკანდერ მ“-ის სისტემა ჯავის რაიონის სოფელ რაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა, ვინაიდან, კომპლექსის გამოყენება, შესაძლებელია, როგორც სტაციონარულ, ისე მოძრავ მდგომარეობაში, მათ ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გასროლა.

მოსკოვმა ბოლო ერთი წლის მანძილზე, ყველა სამხედრო ოლქში, მათ შორის სამხრეთში, თანამედროვე „ისკანდერ მ“-ის სისტემებით, მოძველებული „ტოჩკა უ“-ს სარაკეტო სისტემები ჩაანაცვლა, რომლის მოქმედების რადიუსი მხოლოდ 120 კილომეტრია. სამხრეთის სამხედრო ოლქში შედიან, როგორც სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ყირიმში, განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებიც.

რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი კოსტანტინე ზივკოვი ამბობს

„სარაკეტო კომპლექსს ისკანდერს აქვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების, საკომანდო პუნქტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების განადგურების უზარმაზარი შესაძლებლობები, საქართველოს პრაქტიკულად, მთელი ტერიტორიის სიღრმეში.

სწორედ ამიტომ, ამ რაიონში ისკანდერის სარაკეტო სისტემის განთავსება აზრს უკარგავს საპასუხოდ, რაკეტ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას, თუ ისინი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ასევე, აღკვეთს საქართველოს მორიგი სამხედრო რევანშის შესაძლებლობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“

საქართველოს, რომელიც ამ დრომდე, არ არის არცერთი სამხედრო ალიანსის წევრი, არ აქვს არც ჰაერსაწინააღმდეგო და მით უმეტეს, არც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.

2015 წლის ზაფხულში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარიზში, ფრანგულ-ამერიკულ კომპანია ThalesRaytheonSystems-თან, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, საჰაერო თავდაცვის სისტემის გარკვეული ელემენტების შეძენის თაობაზე. ეს ხელშეკრულება და ინფორმაცია, თუ კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის რომელი კომპონენტები შევიძინეთ, როდის მოხდება მათი საქართველოში ჩამოტანა და ექსპლუატაციაში შეყვანა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. (თუმცა, Crotale NG Mk 3-ისა და Ground Master 200-ის კონბინაცია „ისკანდერის“ წინააღმდეგ უძლურია - ზ.წ )

მანამდე კი საქართველოს ცა აბსოლუტურად დაუცველია.ზუსტად ისე, როგორც შვიდი წლის წინ, როცა რუსეთთან ომის დროს, კრემლმა ჩვენი სამხედროებისა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამხედრო ავიაციასთან ერთად, ძირითადად, ტოჩკა-უ-ს სარაკეტო სისტემები გამოიყენა და უმოწყალოდ ბომბავდა ქართული ჯარის პოზიციებს: ცხინვალთან, თბილისთან, გორში, ფოთსა და რაჭის რეგიონში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ რუსმა სამხედრო ექსპერტებმა რამდენიმე გამოკვლევით დაადასტურეს, რომ რუსეთის არმიამ სწორედ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რეალურ საბრძოლო მოქმედებაში, პირველად გამოსცადა „ისკანდერის“სარაკეტო კომპლექსიც. კასეტური ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტებით, სულ მცირე ოთხჯერ, დაიბომბა გორი, ფოთი, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი და ონის რაიონის ტერიტორია.

„ისკანდერის“ რაკეტები რუსეთის არმიის 630-ე ცალკეულმა სარაკეტო დივიზიამ დაღესტნის ტერიტორიიდან გვესროლა, სადაც სპეციალურად იქნა გადასროლილი, ასტრახანის, კაპუსტინ იარის პოლიგონიდან.

რუსი ბლოგერი და ექსპერტი ვიაჩესლავ მალცევი ადასტურებს, რომ რუსეთმა „ისკანდერები“ პირველად სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.

„ინტერნეტში შეიძლება ძალიან ბევრი ფოტოს ნახვა, არა მხოლოდ „ტოჩკა უ-ს“, არამედ, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემის, რომელიც გამოიყენეს საქართველოში და პირდაპირ დაბომბეს გორი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. გახსოვთ, ალბათ, ჰოლანდიელი ჟურნალისტი სწორედ ამ რაკეტის აფეთქების შემდეგ დაიღუპა, ხოლო რაკეტის ძრავა, იქვე, მოედანთან მდებარე სახლში შევარდა. ასეთი უსიამოვნო ფოტოები ძალიან ბევრია და ეს ფოტოები ფეიკი ანუ ყალბი არ არის.“

გარდა, „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა, არანაკლებ, დამანგრეველი იარაღიც მრავლად აქვთ განთავსებული.

მათ შორის აღსანიშნავია, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული საზენიტო-სარაკეტო კომპექსი - „ს-300 ფავორიტი“, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები: „ბურატინო“, „სმერჩი“ და „გრადი“.

ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, ინტერვიუს დროს კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აღნიშნული განვითარება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენ კომენტარი ვითხოვეთ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტშიც, სადაც პენტაგონის წარმომადგენელმა მიშელ ბალდანზამ ასეთი პასუხი გაგვცა:

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თუ რუსული ისკანდერის ტიპის სისტემების დამონტაჟება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სიმართლეს შეესაბამება, ეს ჩვენი პარტნიორის წინააღმდეგ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მცდელობა და 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებების დარღვევა იქნება რუსეთის მიერ.

ასეთი ფაქტი ასევე გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას. რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები,"-ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

სტატიაზე ვაშინგტონიდან იმუშავეს ნანა საჯაიამ და ანა კალანდაძემ.

XS
SM
MD
LG