ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი კრემლზე დრონით მიტანილ იერიშს ვაშინგტონს აბრალებს


რუსეთმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონებით მომხდარი თავდასხმის უკან შეერთებული შტატები დგას. მოსკოვის განცხადებით, ვაშინგტონის მიზანი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკვლა იყო.

განცხადება ხუთშაბათს, 4 მაისს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მან თქვა, რომ ეს ამერიკამ უკრაინის ხელით გააკეთა. ამ ფაქტისგან "განდგომის მცდელობა, კიევის და ვაშინგტონის მხრიდან, რა თქმა უნდა, სრული უაზრობაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები მსგავს ქმედებებზე, ასეთ ტერორისტულ იერიშებზე, კეთდება არა კიევში, არამედ ვაშინგტონში" - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მოსკოვის ცნობით, კრემლთან 2 დრონი ოთხშაბათს დილით გამოჩნდა. ისინი ელექტრონულმა დამცავმა სისტემებმა გააუვნებელყო. თავდასხმას მსხვერპლი ან დაშავება არ მოჰყოლია. პესკოვის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ნებისმიერი საპასუხო რეაქცია ყურადღებით განიხილება.

ერთი დღით ადრე, მოსკოვმა თქვა, რომ იერიშის უკან უკრაინა იდგა და დაიმუქრა, რომ "შურისძიების უფლებას იტოვებს". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დრონებით იერიშმა "უპასუხოდ არ უნდა ჩაიაროს", ეს ყოველივე კი იმაზე მიუთითებს, რომ კიევს არანაირი სურვილი არ აქვს, დაასრულოს დაპირისპირება და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.

"ორი უპილოტო საჰაერო აპარატის სამიზნე კრემლი იყო. ჩვენი ჯარის და სპეციალური სამსახურების დროული მოქმედებების შედეგად, სარადარო სისტემების გამოყენებით, ეს აპარატები გავაუვნებელვყავით" - თქვა კრემლმა ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მოსკოვის განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფა "გამარჯვების დღის" - 9 მაისის საზეიმო აღლუმის წინა პერიოდს უკავშირდება, რადგან ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად წითელ მოედანზე უცხოელი სტუმრებიც არიან მიწვეულნი.

კიევი, რომელიც მსგავსი ინციდენტების დროს კომენტარს არ აკეთებს და არც მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს, ამ შემთხვევაში თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა "ბი-ბი-სის" (BBC) უკრაინულ რედაქციას უთხრა, რომ უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლში ამ ე.წ. ღამის თავდასხმებზე. მისივე თქმით, ის, რაც მოსკოვში მოხდა, ნათლად აჩვენებს, რომ 9 მაისის წინ სიტუაცია მწვავდება და მოწინააღმდეგემ შესაძლოა არაერთი მანევრი გამოიყენოს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG