ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი უკრაინას ცრუ ბრალდებას უყენებს


საპროტესტო აქცია მოსკოვში
საპროტესტო აქცია მოსკოვში

12 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოტა გამოსცა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, კიევის გადაწყვეტილებას შეეხება. ნოტაში ჩამოთვლილია, რასაც ახალი ამბების რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“-ი აღწერს, როგორც „უკრაინის მიერ მრავალი დარღვევა“. განცხადება კიევს ბრალს სდებს „საკუთარი მოქალაქეების უფლებების დარღვევაში“ და „აგრესორთან“ ბრძოლის ნიღბის საფარქვეშ, რუსებსა და უკრაინელებს შორის, ტრადიციული კავშირების ნგრევაში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ „ისტორიის სასამართლო მათ მკაცრ სასჯელს აუცილებლად გამოუტანს.“ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევი ყირიმის მოქალაქეებს საკუთარი ბედის თავისუფლად გადაწყვეტის უფლებაზე კვლავ უარს ეუბნება და ამით მეგობრობის შეთანხმების პირობებს არღვევს. განცხადებაში წერია: „[ყირიმელებმა] თვითგამორკვევის უფლება გამოიყენეს, რომელიც არა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით, არამედ გაეროს ქარტიით და ასევე ყველაზე ფუნდამენტური საერთაშორისო და იურიდიული დოკუმენტებით არის გარანტირებული.“

13 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა თქვა, რომ უკრაინის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება „საკუთარ ფეხში სროლის მსგავსია.“

2018 წლის დეკემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც რუსეთთან შეთანხმება შეწყდა. ეს სექტემბერში გამოქვეყნებულ დეკრეტს მოჰყვა, რომელიც შეთანხმების არგაგრძელებას გულისხმობდა.

1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთს და უკრაინას ავალდებულებდა „პატივი ეცათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის და არსებული საზღვრების ურღვევობა დაედასტურებინათ“. შეთანხმებას ვადა ოფიციალურად 31 მარტს გაუვა.

მოსკოვის მცდელობა, ისე წარმოედგინა უკრაინის ხელისუფლება, რომ თითქოს მათ შექმნეს რუსული აგრესია, რათა „საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაერღვიათ“, თვალთმაქცობაა. რუსეთმა 2014 წლის მარტში ყირიმში შეჭრით, ოკუპაციით და ანექსიით, შემდგომ კი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის გასაკონტროლებლად ძალის გამოყენებით, ხელშეკრულება აშკარად დაარღვია.

2014 წლის თებერვალში ყირიმის რუსული დაპყრობა დაიწყო, როდესაც განმასხვავებელი ნიშნების გარეშე მოქმედმა რუსეთის საგანგებო დანიშნულების ძალებმა, ყირიმის პარლამენტის შენობა დაიკავეს და რუსული დროშა აღმართეს. „მწვანე კაცუნების“ უსისხლო შემოსევის შემდეგ, ნახევარკუნძულის კონტროლი ხელში რუსეთმა აიღო.

იგორ „სტრელკოვმა“ გირკინმა, ყირიმის „თვით-თავდაცვის“ წამყვანმა მეთაურმა და მოგვიანებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების მეთაურმა, 2015 წელს ჩაწერილ ინტერვიუში აღიარა, რომ ყირიმის პარლამენტის წევრები პარლამენტის დარბაზში იარაღის მუქარით შერეკეს და ანექსიის მხარდაჭერა აიძულეს.

რუსული სამხედრო ოკუპაციის პირობებში ნაჩქარევად ჩატარებულმა რეფერენდუმმა, საჯარო განხილვის შესაძლებლობა არ დაუშვა და უკრაინის დანარჩენი ნაწილებიდან ნახევარკუნძულზე პოლიტიკოსები ვერ ჩავიდნენ. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმში მონაწილეობა არა მხოლოდ ნახევარკუნძულის, არამედ უკრაინის ყველა მოქალაქეს უნდა შეძლებოდა.

რეფერენდუმის კანონიერებას ისიც უთხრის ძირს, რომ ბიულეტენში ორი ვარიანტი იყო და ყირიმისთვის სტატუს ქვოს შენარჩუნებას ორივე შეუძლებელს ხდიდა.

27 მარტს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 68/262, რომელიც ამბობს, რომ რეფერენდუმი „უკანონოა, არ შეუძლია შექმნას საფუძველი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ან ქალაქ სევასტოპოლის სტატუსის შესაცვლელად“. რეზოლუცია ყველა ქვეყანას დაჟინებით მოუწოდებს ყირიმის „სტატუსის ნებისმიერი ცვლილება არ აღიარონ“.

მეგობრობის შეთანხმების დარღვევის გარდა, კრემლის მიერ ყირიმის ანექსიამ, რუსეთის მიერ ხელმოწერილი პოსტ-საბჭოთა შეთანხმებებიც დაარღვია, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს და საზღვრებს უზრუნველყოფდა, მათ შორის 1991 წლის ბელოვეჟის შეთანხმება და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი.

„ამერიკის ხმის“ „პოლიგრაფ.ინფო“-ს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ მოსკოვი ჩართულია დონბასის ე.წ. „სეპარატისტულ“ ომში, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.

ე.წ. „სამოქალაქო ომის“ ლიდერები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ქვეყანაში რუსი „მოხალისეების“ ყოფნა საკმარისად არის დადასტურებული და აღმოჩენილია რუსული სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინას არასდროს შეუსყიდია.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვის ქმედებას, ყირიმშიც და აღმოსავლეთ უკრაინაშიც, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კვალიფიკაცია აქვს. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოიყენა სიტყვა „სისხლის სამართლის დანაშაული“, როდესაც 2016 წლის კონფლიქტი აღწერა. დონბასის ომმა თითქმის 13 ათასი სიცოცხლე შეიწირა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ უკრაინამ ხელშეკრულება უფრო ადრე არ შეწყვიტა, რათა კიევს საშუალება ჰქონოდა „რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ჩადენის საფუძველზე“ სარჩელი შეეტანა.

უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანი“ კლიმპუშ-ცინცაძის ციტირებას ახდენს: „და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს დარღვევა, როგორიცაა [ყირიმის] უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა, შავი და აზოვის ზღვის რეგიონში, ქერჩის სრუტეში ეს თავდასხმა და აგრესიაა. ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია და საფუძველს გვაძლევს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ.“

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა და არაერთი დარღვევის გათვალისწინებით, მოსკოვის განცხადება, თითქოს ორმხრივი ურთიერთობების დანგრევაზე კიევია პასუხისმგებელი - სიცრუეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG