ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქერჩის სრუტეში თავდასხმის გამო დასავლეთი რუსეთს ერთობლივ სანქციებს უწესებს


დღეს შეერთებული შტატებმა, ევროკავშირმა და კანადამ კოორდინირებული ნაბიჯით, რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესა. ახალი სანქციების შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ერთობლივი სანქციების ახალი რაუნდის მიზეზია “რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” და ისინი უწესდება “ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან გაუმართლებელ თავდასხმას სამ უკრაინულ გემზე.”

შეერთებული შტატები ასევე დამატებით სანქციებს უწესებს “ექვს რუსულ კომპანიას, მათ შორის, გემთმშენებელ კომპანიებს, ორ ინდივიდუალურ პირს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკაინაში ორკესტრირებულ “არჩევნებში” იყვნენ ჩართული და ორ რუსულ ენერგო და სამშენებლო კომპანიას, რომლებიც საქმიანობას ყირიმში აწარმოებს.”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ხუთი წლის განმავლობაში, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო, ჩვენ, ჩვენს ტრანს-ატლანტიკურ მოკავშირეებთან ერთად, ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ წარმოებულ დამაზიანებელ და არაკანონიერ ქმედებებს, მათ შორის, ქეჩის სრუტესთან განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდასხმა წარმოადგენდა საშიშ ესკალაციას და საერთაშორისო სამართლის დარღვევას.”

ამერიკის დიპლომატიური უწყება რუსეთს მოუწოდებს “დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ჩამორთმეული გემები და დაკავებული მეზღვაურები და ღია დატოვოს ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა უკრაინულ პორტებში გემების ტრანზიტისთვის.”

“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაშიც ტერიტორიული წყლებიც შედის.”

სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას რუსეთის მიმართ “მკაფიო გზავნილით” ამთავრებს და ამბობს, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე არ დადგება, სანამ რუსეთი საერთაშორისო ნორმებსა და კანონებს არღვევს და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობა ერთსულოვანია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გაწეულ ძალისხმევაში.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG