ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ბახმუტზე აქტიურ იერიშს აგრძელებს


რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ ქალაქ ზაპორიჟიეს დაბომბვას სულ მცირე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, აცხადებენ რეგიონული ოფიციალური პირები.

უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული შეტევითი მოქმედებების რაოდენობა გაორმაგდა წინა 24 საათთან შედარებით, აცხადებს უკრაინული მხარე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, კიევმა 170-ზე მეტი თავდასხმა მოიგერია აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში.

გენერალური შტაბის დილის მოხსენების თანახმად, რუსეთის თავდასხმის ძირითადი ნაწილი მიმართული იყო ბახმუტის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე სამიზნედ ამოიღეს ლიმანი, ავდიევკა და შახტარსკი.

"მტერი აგრძელებს წინსვლას ბახმუტის მიმართულებით და ცდილობს ბახმუტის შტურმს", - განაცხადეს სამხედროებმა.

რუსეთის მიზანი ქალაქის ალყაში მოქცევა და უკრაინის მიწოდების ჯაჭვების გადაკეტვაა. დანგრეულ ქალაქში, რომლის მოსახლეობაც ომამდე 70 000-ს შეადგენდა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

ზაპორიჟიეში, ღამის განმავლობაში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, იტყობინება რეგიონული პროკურატურა და აცხადებს, რომ კიდევ ხუთი ადამიანი დაკარგულია, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულია 8 ადამიანი.

სამხედროების თქმით, ქალაქი ხერსონი, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე, რომელიც რუსულმა ძალებმა ნოემბერში დატოვეს, ასევე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ასევე დაფიქსირდა ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში და ცენტრალურ უკრაინაში, პოლტავაში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და დაზიანდა ბიზნესები და ინფრასტრუქტურა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა უარყო რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ უკრაინული დივერსიული ჯგუფი რუსეთის ბრიანკის რეგიონში შევიდა და მძევლები აიყვანა და ამას "კლასიკური მიზანმიმართული პროვოკაცია" უწოდა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ბიულეტენში განაცხადა, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ბახმუტთან რუსების შეკავებას, ტემპერატურის მატება იწვევს გაყინული მიწის გალღობას, ქმნის ტალახიან პირობებს და ზღუდავს სამხედროების გადაადგილებას. ბრიტანული დაზვერვის თქმით, გადაადგილების სირთულე, როგორც წესი, გარკვეულ სამხედრო უპირატესობას აძლევს დაცვის მხარეს.

ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატები ემზადებიან კიევისთვის 1 მილიარდი ევროს გამოსაყოფად საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, ნათქვამია საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს მიერ ნანახ წინადადების პროექტში. ევროკავშირის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უკრაინა დღეში დაახლოებით 7000 ჭურვს ისვრის, მაშინ, როდესაც რუსული ძალები ყოველდღიურად 50000-მდე ისვრიან.

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები, სავარაუდოდ, ამ წინადადებას 7-8 მარტს სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG