ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონი "ზომბი კომპიუტერისგან" შემდგარი რუსული ქსელის წინააღმდეგ "მაიკროსოფტი" ნაბიჯებს დგამს


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კიბერ-დანაშაულებრივი რუსული ქსელი "ტრიქბოტი" დარტყმის ქვეშაა. დანაშაულებრივი ჯგუფი ამერიკული კომპანიის "მაიკროსოფტი" სამიზნე გახდა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ დაწყებული სამართლებრივი დავა ვირჯინიის სასამართლოში მოიგო.

ცნობილია, რომ "ტრიქბოტს" ერთი მილიონი ე.წ. ზომბი კომპიუტერი აქვს და ის ინტერნეტ მომხმარებლების პირად ინფორმაციას იპარავს. "ტრიქბოტი" არის ე.წ. ბოტნეტი (ბოტების ქსელი), რომელიც რუსეთიდან იმართება. ბოტნეტი ათობით კომპიუტერის ერთობაა, რომლის მართვაც დისტანციურად არის შესაძლებელი კიბერდამნაშავეების მიერ.

არაერთი კვლევის თანახმად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რუსული "ტრიქბოტი" განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააქტიურდა. მაგალითად, "ჩექფოინთის" მონაცემების მიხედვით, ახალი რუსული კრიმინალური ქსელის მნიშვნელოვანი აქტიურობა ამ წლის სექტემბერში დაფიქსირდა, ეს კი შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს ამერიკაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან. სწორედ "ტრიკბოტის" შესაძლო გავლენების შესახებ საუბრობს სარჩელში კომპანია "მაიკროსოფტი".

ვირჯინიის სასამართლოში შეტანილ სარჩელში, რომელიც მოსამართლემ უკვე დააკმაყოფილა, "მაიკროსოფტი" ასევე ამბობს, რომ რუსული კრიმინალური ქსელი მის სავაჭრო ნიშანს ბოროტად იყენებს. ამ და სხვა შესაძლო თუ არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე კი სასამართლომ "მაიკროსოფტს" მიანიჭა უფლება მოახდინოს რეაგირება დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებზე და აღადგინოს კონტროლი.

"ძალიან რთულია ვთქვათ, რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი ქმედება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას გრძელვადიანი ეფექტი უფრო ექნება," - თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ESET-ის (სლოვაკური ინტერნეტ დაცვის კომპანია) ხელმძღვანელმა ჟან იან ბოუტინმა, რომელიც "მაიკროსოფტის" პარტნიორი კომპანიაა.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვირჯინიის სასამართლოს გადაწყვეტილება "მაიკროსოფტს" დაეხმარება დაარწმუნოს ინტერნეტ პროვაიდერები, რათა უფრო ეფექტურად ებრძოლონ დანაშაულებრივ ჯგუფს. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერნეტ კრიმინალურ ჯგუფთან ბრძოლა რთული იქნება, რადგან ქსელი კარგად არის ორგანიზებული და "მაიკროსოფტის" ქმედებებს არა მოკლე არამედ გრძელვადიანი ეფექტი ექნება.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები აქვე ამბობენ, რომ დაწყებული ბრძოლა "ბოტნეტის" წინააღმდეგ შესაძლოა გახდეს ერთგვარი წინაღობა რუსული დანაშაულებრივი ჯგუფისთვის და მათგან მომდინარე თავდასხმების რაოდენობა შემცირდეს.

კომპანია "მაიკროსოფტის" მიაზანია ებრძოლოს დანაშაულებრივ ჯგუფს და შეზღუდოს მათი რაიმე ფორმით ჩარევა ამერიკის არჩევნებში, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. უფრო მეტიც ამერიკული კომპანია ცდილობს დაიცვას ამერიკელთა პირადი მონაცემები, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ქმედებები ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG