ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაციონალურია თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ქმედებები?


​შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ უწოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „შეშლილი“, თუმცა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ კორეელი ლიდერის ქმედებები რაციონალური და მიზანმიმართულია - მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოს ატომური იარაღით ემუქრება.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფსიქიკურად არასტაბილურია. ამ დროს სანდერსი პრეზიდენტის ერთ-ერთ ახალ „ტვიტზე“ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.

„პრეზიდენტი და ხალხიც უნდა წუხდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ფსიქიკური მდგომარეობის გამო“, - განაცხადა სანდერსმა. „ის წლების განმავლობაში ცდის ბალისტიკურ რაკეტებს და უკვე არაერთხელ დაემუქრა მსოფლიოს ატომური იარაღით“.

კიმ ჩენ უნმა პრეზიდენტ ტრამპის საყურადღებოდ განაცხადა, რომ მას "ბირთვულ ღილაკზე" ხელი ნებისმიერ დროს მიუწვდება. ტრამპმა კი პასუხად "ტვიტერზე" შემდეგი განცხადება დაწერა - "მისი გაღატაკებული და დამშეული რეჟიმიდან იქნება ვინმემ უთხრათ, რომ ბირთული ღილაკი მეც მაქვს და ის გაცილებით დიდი და უფრო ძლიერია, თან ის მუშაობს!"

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკა ისევ მოქმედებისკენ მოუწოდებს ყველა მხარეს და რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ კვლავ "ყველა ვარიანტი განიხილება".

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა კორეელ ლიდერზე დამამცირებლად ისაუბრა. წარსულში პრეზიდენტმა მას ასევე უწოდა „პატარა რაკეტის კაცუნა“ და ერთ-ერთ „ტვიტში“ ისიც დაწერა, რომ ის „აშკარად შეშლილია“.

თუმცა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს განსხვავებული შეფასებები აქვს გაკეთებული. სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ უნის მუქარები საკმაოდ მძიმეა, ის შეშლილი არ არის. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ კორეელი ლიდერის მიზნები, მიუხედავად მისი პროვოკაციული ქმედებებისა და იმ საფრთხისა, რასაც მსოფლიოს უქმნის, ძალიან ცხადი და ნათელია.

"კიმ ჩენ უნი ძალიან რაციონალური აქტორია", - ამბობს იონგ სუკ ლი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) კორეის მისიის ცენტრის წარმომადგენელი. მისი თქმით, ცალკე საკითხია მისი რიტორიკა, ტრაბახი და მუქარა, მაგრამ მას მაინც ის სურს, რაც ყველა ავტორიტარ ლიდერს: მართოს ქვეყანა რაც შეიძლება დიდხანს და შემდეგ მშვიდად მოკვდეს თავის საწოლში.

სუკ ლი მიიჩნევს, რომ ფხენიანს მიზანია მსოფლიომ ის აღიაროს, როგორც ატომური იარაღის მქონე მთავარი მოთამაშე ძალა, საბოლოოდ კი მუქარის გამოყენებით აიძულოს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები დატოვოს კორეის ნახევარკუნძული.

"შეკავება, საერთაშორისო პრესტიჟი და იძულებაზე დაფუძნებული დიპლომატია - აი ეს სურს ფხენიანს ატომური იარაღის გამოყენებით" - ვკითხულობთ ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ოფიციალურ შეფასებებში, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა.

„ერთი მხრივ ატომური იარაღის გამოცდა, როდესაც შენი ხალხი შიმშილობს, არაა რაციონალური ქმედება, თუმცა თუკი შენ გჯერა, რომ ეს შენი მიზნების მისაღწევად აუცილებელი გზაა, მაშინ ეს არც ისე ირაციონალური ხდება", - ამბობს დაზვერვის სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი. თუმცა მაინც შეშფოთების საგანია ის, თუ რამდენად შეუძლია კიმ ჩენ უნს თანმიმდევრულად იმოქმედოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას რეალურად არ ესმის რამდენად სუსტი პოზიციები აქვს“, - ამბობს CIA-ის დირექტორი მაიკ პომპეო. . „მისი გარემოცვა მას რეალურ ინფორმაციას არ აწვდის იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფუძვლო, არასაიმედო და არამყარია მისი პოზიციები მსოფლიოში დღეს.

კითხვები თეთრი სახლისა და დაზვერვის სამსახურების შეფასებებს შორის განსხვავების თაობაზე უპასუხოდ რჩება.

თუმცა სამშაბათს, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ უნს და ჩრდილოეთ კორეას ექნებათ სურვილი, რომ მოლაპარაკებების ნიადაგზე, უარი თქვან ატომური იარაღის პროგრამაზე.

"ერთადერთი გზა, რომლის გამოყენებაც ახლა შეიძლება, არის ეკონომიკური იძულება", - განაცხადა მაკმასტერმა და დასძინა, რომ მთავარია მსოფლიომ აღიაროს და ყველამ ნათლად თქვას, რომ ჩრდილოეთ კორეა ატომურ იარაღს თავდაცვითი მიზნებით არ ავითარებს, არამედ რეალურად ძალადობრივი და იძულებითი მიზნებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG