ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან


ამერიკის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები, შაბათს, სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდს დაესწრებიან.

ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, გამოსათხოვარ სიტყვებს ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში წარმოთქვამენ. გამოსათხოვარ სიტყვას ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და ყოფილი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანიც იტყვიან.

ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოენი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი და ყოფილი სენატორები: გარი ჰართი, რას ფაინგოლდი და ფილ გრემი სენატორის კუბოსთან იდგებიან.

მაკკეინს კვირას, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, სამხედრო საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.

თუმცა, გარდაცვლილისადმი პატივის მიგება არიზონაში დაიწყება, შტატში, რომელსაც მაკკეინი 1983 წლიდან, ორი ვადის განმავლობაში კონგრესში, 1987 წლიდან კი სენატში წარმოადგენდა.

ოთხშაბათს, მაკკეინის ცხედარს არიზონის შტატის კაპიტოლიუმში დაასვენებენ.

ამჟამად ცოცხალმა, ამერიკის ხუთივე ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადებები გამოაქვეყნა, რომლებშიც მაკკეინს ქვეყნისადმი თავდადებისთვის ხოტბა შეასხეს.

თეთრმა სახლმა პრეზიდენტის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ტრამპმა თქვა, რომ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ის შეერთებული შტატებისათვის მაკკეინის სამსახურს პატივს სცემს. ტრამპმა მის დაკრძალვამდე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG