ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიაში ქართული და რუსული ენის თარჯიმნებს ეძებენ


ბაბუცა გორდაძე სასამართლოში ეტაპირებისას

უკვე 296 დღეა მალაიზიაში საქართველოს ორი მოქალაქის, ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. ორივე ქართველი ქალბატონი ამ აზიურ ქვეყანაში ათ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკ „სუაბუს“ (Methamphetamine) შეტანაშია ეჭვმიტანილი.

მალაიზიური კანონმდებლობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გორდაძესა და კოხტაშვილს უმაღლესი სასჯელი - სახჩობელის გზით სიკვდილით დასჯა ელით. ქართველები, შარშან, 24 ოქტომბერს ქალაქ მენგატალში დააკავეს, როცა თურქეთი-მაროკო-კამერუნის გავლით, მალაიზიაში ჩაფრინდნენ და დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდათ.

სასამართლო პროცესი ათი თვის მანძილზე უკვე მერამდენედ გადაიდო. ამჯერად, დარეჯან კოხტაშვილის პროცესის გადადების მიზეზი კომპეტენტური თარჯიმნის არარსებობაა.

გორდაძე და კოხტაშვილი ქართული ენის გარდა სხვა ენებზე გამართულად ვერ საუბრობენ, თარჯიმნის არარსებობის პირობებში კი შეუძლებელია როგორც სასამართლო პროცესის წარმართვა, ისე ეჭვმიტანილების ადვოკატებთან კომუნიკაცია.

ამის შესახებ დარეჯან კოხტაშვილის მალაიზიელმა ადვოკატმა ჯაგდიპ სინგ დეომ განაცხადა. მანამდე იგივე განაცხადება გააკეთა ბაბუცა გორდაძის ადვოკატმა რონი ჩამმაც.

ჯაგდიპ სინგ დეო: „საქმეში ორი თვის წინ ჩავერთე. ამ დრომდე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დიდი ხნით პირისპირ შეხვედრის საშუალება არ მქონია. ამას პროცესზე თარჯიმნის პრობლემაც დაემატა. ენის ბარიერის გამო მასთან საუბარი მეც მიჭირს.“

რონი ჩამმი: „სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო, ამ ეტაპზე თარჯიმნის პრობლემის გამო. გვყავდა აქ მცხოვრები რუსულად მოსაუბრე დამხმარე, თუმცა უშედეგოდ.

ამიტომ მოვითხოვეთ დრო, გამოძიების მასალების უკეთ გასაცნობად და თარჯიმნის მოსაძებნად რომ პროცესის დროს ენობრივი ბარიერი არ გვქონდეს. თავად დაკავებულს სასამართლო დარბაზშიც ვესაუბრე და ციხეში ეტაპირების დროსაც. ბაბუცა თავს კარგად გრძნობს.“

მალაიზიური პრესის ცნობით, ქალაქ კოტა-კინაბალუს სასამართლოს წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს თხოვნით, მალაიზიაში აზერბაიჯანისა და უკრაინის საელჩოებს, ქართულ და რუსულ ენოვანი თარჯიმნების მოძებნის თაობაზე.

მორიგი სასამართლო პროცესი 19 აგვისტოს არის დანიშნული. ეჭვმიტანილთა ოჯახებს იმედი აქვთ, რომ მალაიზიის სასამართლო მხედველობაში მიიღებს ქართული გამოძიების შედეგებს. როგორც ცნობილია, თბილისში ჯერ დააკავეს, შემდეგ კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბაბუცა გორდაძის მეუღლეს ელდარ დავითიანს.

გამოძიების მტკიცებით, დავითიანმა აღიარა, რომ მან მოტყუებით გააგზავნა მეუღლე და მისი დაქალი მალაიზიაში და ასევე მოტყუებით გაატანა ხის ჩარჩოებში დამალული დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, რომლის შესახებაც, დავითიანის მტკიცებით, ქალბატონებმა არაფერი იცოდნენ. აღიარებს თუ არა თბილისიდან გაგზავნილ მასალებს იურიდიულ მტკიცებულებად. მალაიზიური სასამართლო ისევ უცნობია.

ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტი ეკა იაკობიშვილი, რომელიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციაში მუშაობს, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მალაიზიაში ნარკოკურიერებს ზოგჯერ ერთი ან ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე სჯიან სიკვდილით, თუმცა არის პრეცედენტული საქმეები, როცა მალაიზია სხვა ქვეყნებში ნარკოკურიერობაში ეჭვმიტანილ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებსაც აქტიურად იცავს

„მალაიზიაში ძალაინ ცუდი პრაქტიკაა. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ საქმეზე, რომლებიც სიკვდილით დასჯით სრულდება, განაჩენი ზოგჯერ ერთი ან ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე დგება.

ამ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის გამოძიების მაღალი ტაქტიკა არ არსებობს. არის რეპრესიული პოლიტიკა და ეს არც არის გასაკვირი. გამომდინარე იქედან, რომ მალაიზიას აქვს ნარკოტიკების ძალიან დიდი ტრაფიკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან.

სიკვდილმისჯილების ძირითადი ნაწილი მალაიზიაში ძირითადად სწორედ ინდონეზიის, სინგაპურისა და ჩინეთის მოქალაქეები არიან. ამ თემაზე რამდენჯერმე მომზადდა, გაეროს სპეციალური ანგარიშები, სადაც მომხსნებლები მიუთითებდნენ, რომ მალაიზია სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ არაპროპორციულად იყენებს სიკვდილით დასჯას.

თუმცა, სხვა ქვეყნებში იგივე დანაშაულში მხილებული მალაიზიის მოქალაქეთა მიმართ, მალაიზიის სახელმწიფო დიდი აქტიურობით გამოირჩევა. რამდენიმე ხნის წინ, მალაიზიამ მოახერხა, რომ ახალგაზრდა მალაიზიელ გოგონას ჩინეთში, რომელიც ნარკოტიკების გადატანის გამო დააკავეს, სიკვდილით დასჯა აღარ მიესაჯა.

ასევე იყო ძალიან გახმაურებული საქმე, მალაიზიის მოქალაქე იონგის საქმე სინგაპურში. აქაც მალაიზიის სახელმწიფო სამართლებრივად აქტიურად შეეცადა დაეცვა არასრულწოვანი იონგი სიკვდილით დასჯისგან.“

ბოლო 35 წლის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის გამო მალაიზიაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. დაკავებამდე ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი თბილისში, თემქაზე, მარკეტში გამყიდველებად მუშაობდნენ.

ორივე მათგანი დედაა. ბაბუცა გორდაძეს ოთხი წლის ლიზი ჰყავს. დარეჯან კოხტაშვილს კი ორი ქალიშვილი - 20 წლის ხათუნა და 17 წლის მარიამი. 9 იანვარს ბაბუცა გორდაძეს მალაიზიის ციხეში 27 წელი შეუსრულდა, 8 ივლისს კი დარეჯან კოხტაშვილი 38 წლის გახდა.

XS
SM
MD
LG