ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდიდარმა უცხოელებმა ლონდონის ეკონომიკა გამოაცოცხლეს


მდიდარმა უცხოელებმა ლონდონის ეკონომიკა გამოაცოცხლეს

მდიდარი უცხოელები გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ძვირადღირებულ საკუთრებას იძენენ

ლონდონი ყოველთვის მსოფლიოს მდიდარ ფენას იზიდავდა. მაგრამ ამ ბოლო დროს ეკონომიკური კრიზისის ფონზე უცხოელ ინვესტორებს შორის ამ ქალაქის მიმართ ნაკლები ენთუზიაზმი შეინიშნებოდა. თუმცა ახლა ისინი ისევ დაბრუნდნენ და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ძვირადღირებულ საკუთრებას იძენენ. ლონდონის უძრავი ქონების ბაზარზე რუსი ოლიგარქები ახლო აღმოსავლეთის შეიხებსა და ნიგერიის ნავთობმომპოვებელი ინდუსტრიის მესვეურებს ეჯიბრებიან.

ისევე როგორც მსოფლიო სხვა დიდი ქალაქები, ლონდონმაც იზარალა გლობალური რეცესიის დროს.

მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი კვლავინდებურად ფულს ჰაერში ისვრის.

კრიზისით გამოწვეული ორწლიანი „შესვენების“ შემდეგ ისინი ახლა კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ლონდონის ქუჩებში.

ამ 14 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლის ბაღში შადრევანის ხმა ქალაქის რითმს ყველას დაავიწყებს. მაგრამ ეს მოჩვენებითი შეგრძნებაა რადგან სასახლე ცენტრალური ლონდონისგან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უძრავი ქონების აგენტი ტრევორ აბრამსონი მდიდრებს ემსახურება. მისი თქმით, ამ სასასხლის მსგავსი შენობების გამო ლონდონის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

„ლონდონი მსოფლიოს ავანგარდშია. თუ თქვენ ნიუ იორკს, ლოს ანჟელესს, პარიზს, ბერლინს, ფრანკფურტს ან სამხრეთ საფრაგეთს დაუკვირდებით, იქ ძვირადღირებული უძრავი საკუთრების ბაზარზე მდგომარეობა კვლავინდებურად არცთუ ისე სახარბიელოა,“ აღნიშნავს აბრამსონი.

ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში - ჰაიდ პარკში - განლაგებული უძრავი ქონება ამჟამად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე შენობები აქ ლონდონის დასავლეთ ნაწილის ვიქტორიანული ეპოქის სახლებს ენაცვლება.

ეს სახლი აქ ცოტა ხნის წინ რეკორდულ 220 მილიონ დოლარად გაიყიდა. ახალი მფლობელის ვინაობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ უძრავი ქონების აგენტები აღნიშნავენ, რომ ნავთობზე ფასების ზრდის გამო ახლო აღმოსაველთიდან და ნიგერიიდან ინტერესი დღითიდღე მატულობს.

ტრევორ აბრამსონი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან ჩამოსული კლიენტების გარდა ლონდონის უძრავი ქონების ბაზარზე ახალი სახეებიც გამოჩნდნენ.

„მე მგონი ყველა ეროვნების წარმომადგენლები გვაკითხავენ, მაგრამ ჩინელები სრულად ახალ ნაკადს შეადგენენ. ჩვენ საკმაოდ სერიოზული წინადადებები მივიღეთ. ისინი მზად არიან 50-80 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ ერთ უძრავ საკუთრებაში,“ აღნიშნავს აბრამსონი.

ლონდონში ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ პირველად 2007 წლიდან მოყოლებული ფუფუნების საგნების ფასი გაიზარდა. ძვირადღირებული ღვინისა თუ ხიზილალას ფასი წელს 25 პროცენტით გაიზარდა. რონი არმისტი საინვესტიციო ფირმა „სტოუნჰენჯში“ მუშაობს. ხსენებული გამოკითხვა სწორედ ამ ფირმამ ჩაატარა. მისი თქმით ფასების ზრდას ფუნტ სტერლინგის სისუსტე უწყობს ხელს.

მდიდართა სამყაროში ცოტა ხნის წინ ღირშესანიშნავი მოვლენა დაფიქსირდა. „რეჯენტ სტრიტი“ ლონდონის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც კერძო საკუთრების ფირმა „კრაუნ ესთეიტსი“ ფლობს. „კრაუნ ესთეიტსმა“ „რეჯენტ სტრიტის“ 2.5 მილიარდ დოლარად გაყიდვა დააპირა და სხვადასხვა სახელმწიფოების სუვერენულმა საინვესტიციო ფონდებმა, კატარის სამეფო ოჯახის ჩათვლით, უკვე გამოთქვეს ინტერესი ამ ცენტრის შეძენაში.

ბრიტანელების უმრავლესობისთვის ეკონომიკური რეცესია გრძელდება, რასაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემბეი მოჰყვება.

ისინი შურის თვალით შესცქერიან მილიონერებს, რომლებიც ლონდონში ჩადიან დიდძალი ფულის დასახარჯად.

XS
SM
MD
LG