ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის პოლიცია ავარიას ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს


ბრიტანეთის პარლამენტის წინ გავლებულ უსაფრთხოების ღობეს დღეს მანქანა დაეჯახა, რამაც რამდენიმე გამვლელის დაშავება გამოიწვია. მძღოლი ადგილზევე დააკავეს. ლონდონის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს.

დაშავებულია 3 ადამიანი, აქედან ორს საავადმყოფოში უმკურნალეს. დედაქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ერთ-ერთ გამვლელს სერიოზული ტრავმები აქვს და ის საავადმყოფოში რჩება. თუმცა, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოდიოდა და აშკარა იყო, რომ ღობეს მანქანა განზრახ შეაჯახა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სასწრაფოდ გადაიკეტა და დაიხურა მეტროს სადგური. უსაფრთხოების ღობის სიგრძე ბრიტანეთის დედაქალაქში მას შემდეგ გაზარდეს, რაც გასულ წელს, ვესტმინსტერის ხიდზე მანქანით მომხდარ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევას ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილება იძიებს. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ლონდონის პოლიცია იუწყება, რომ მძღოლი შეიარაღებული არ იყო.

ამერიკის პრეზიდენტი მომხდარს "ტვიტერზე" გამოეხმაურა. "კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმა ლონდონში... ეს ცხოველები გადარეულები არიან და მათთან მკაცრი და ძლიერი მიდგომაა საჭირო" - წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG