ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ იზღუდება რაციონში გლუტეინი?


ამერიკაში უგლუტეინო პროდუქციის წარმოების შემოსავალი წელიწადში 6.2 მილიარდ დოლარს აღემატება

ქალაქ ნორფოლკში მდებარე ლუსის საცხობში ახლადგამომცხვარი ორცხობილას არომატული სუნი დგას. ერთი შეხედვით ძალზე ჩვეულებრივ ნამცხვარში, რომელსაც ჩვენ ხშირად რუსულ სახელს, პეჩენიას ვუწოდებთ, ტრადიციულ პროდუქტს არ იყენებენ.

ლუსი გიბნი, სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც რეცეპტის ავტორიც არის და კომპანიის მფლობელიც, ამბობს, რომ ის ნამცხვარში არატიპიურ პროდუქტს იყენებს. მასში არ არის ხორბლის ფქვილი, კარაქი, ან კვერცხი. ორცხობილა არც გლუტეინს შეიცავს, ცილას, რომელიც ბურღულეულ პროდუქტებში გვხვდება. ამ სპეციალური შემასქელებლის მიმართ მგრძნობელობა ბევრ ადამიანს უვითარდება.

რეცეპტი თავიდან ოჯახში, ჩემი შვილისთვის გამოვიგონე. მას ალერგია აქვს გლუტეინზე, რძეზე, კვერცხზე და თხილეულზე - ყვება ლუსი.

ბმული


შვილისთვის გამოცხობილი გემრიელი ნამცხვარი დაახლოებით ოთხ წელიწადში მცირე ბიზნესად გადაიქცა, რომელიც წელს სულ ცოტა 5-მილიონიან მოგებას დატოვებს. ლუსის ორცხობილა ვაშინგტონში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე ყურადღების ცენტრში მოექცა. მერლინ კლემს, ნიუ ჰემფშირის მაღაზიების ქსელის მფლობელს მათი შეძენა სურს.

ვებ-გვერდი ვნახე და მომეწონა. გასასინჯად ჩამოვედი, რადგან გლუტეინის გარეშე დამზადებულ პროდუქტზე მოთხოვნა ჩემს მაღაზიებში დღითიდღე იზრდება- ამბობს ის.

ლუსის პავილიონის გვერდით ტედ ვოგელმანის კომპანიის პროდუქციაა გამოფენილი. 25 წლის ტრადიციულმა საწარმომ სულ ახლახან გადაწყვიტა უგლუტეინო პროდუქციის წარმოება.

ეს ჩვენთვის სიახლეა. ახალი პროდუქცია მხოლოდ ამ გამოფენისთვის შევქმენით, რადგან მათზე დიდი მოთხოვნაა.

გამოფენაში ტედთან და ლუსისთან ერთად ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელი 300-მდე კომპანია მონაწილეობს. და როგორც ორგანიზატორი ლუის კრამერი შენიშნავს, მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება:

რამდენიმე წლის წინ სულ 20-დან 40-მდე კომპანია იყო, რომელიც პროდუქციას გლუტეინის გარეშე აწარმოებდა. შესანიშნავია ის ფაქტი, რომ არამარტო რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი გაუმჯობესებაც გვაქვს“.

ექსპერტების აზრის მოსასმენად მერილენდის უნივერსიტეტში ცელიაკის დაავადების მკვლევარს, ალესიო ფასანოს გავესაუბრეთ. ბაზრის მოთხოვნა მისთვის სავსებით გასაგები აღმოჩნდა.

ადრე გლუტეინს, როგორც დაავადების გამომწვევ მიზეზს, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ვითარება შეიცვალა, რადგან სამეცნიერო კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ გლუტეინის მიმართ მგრძნობელობა უფრო მეტს უვითარდება, ვიდრე აქამდე გვეგონა. საუბარია მოსახლეობის სულ ცოტა, 6 პროცენტზე, ანუ 18 მილიონ ადამიანზე - აღნიშნავს ექიმი ფასანო.

მისი თქმით, გლუტეინისადმი მგრძნობელობის სიმპტომთა გრძელ სიაში შესაძლოა ელემენტარული თავისტკივილიც იყოს და უნაყოფობაც. ევროპისთვის დამახასიათებელმა დაავადებამ გეოგრაფია შეიცვალა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთშიც გავრცელდა.

„ძალიან გემრიელია“! - ამბობს გამოფენის სტუმარი ვინი პამულა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. გლუტეინის მიმართ მგრძნობელობა არ გამაჩნია. უბრალოდ ჯანმრთელ კვებას ვამჯობინებ - დასძენს ის.

თანდათან იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უბრალოდ თავს იზღვევენ და რაციონში გლუტეინის რაოდენობას ამცირებენ. საგამოფენო პროდუქციაც შესაბამისად სუპერმარკეტების დახლებზე ინაცვლებს და მათ მაღაზიებში ხშირად ცალკე სექციაც აქვთ დათმობილი.
XS
SM
MD
LG