ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი ლიბიის გუშინდელი დღეა


კადაფი ლიბიის გუშინდელი დღეა

42 წლის განმავლობაში ტრიპოლის მწვანე მოედანი მუამარ კადაფისთვის ლიბიის მტრების სამხელ მთავარ სცენად იყო ქცეული. დღეს ამ ადგილს წამებულთა მოედანს უწოდებენ, სწორედ იმ ლიბიელთა საპატივცემულოდ, რომელთაც კადაფის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს თავი.

ბაირაღებს იქ ახლა „მეფეთ მეფე“ აღარ აწერიათ. სანაცვლოდ ნახავთ წარწერებს: „ფინალი“, „აღსასრული“, „თამაში დამთავრდა“. უზარმაზარ პლაკატზე ამბოხებული ლიბიელების ფოტოა, ისინი გამარჯვების აღსანიშნავად ჰაერში ისვრიან.

მზით გახურებულ მოედანზე ჩრდილს შეფარებული 56 წლის პენსიონერი -ხალილ სალემ მელად ალმუსრატი- ჟურნალისტებთან სასაუბროდ იარაღის წმენდას დროებით წყვეტს. ის ჩადის ომის ვეტერანია და ამბობს, რომ უამრავი ომახიანი საომარი გამოსვლების მიუხედავად კადაფი მაინც მხდალი ლიდერი აღმოჩნდა.

მთელი ცხოვრება მესმოდა: მე მოჯაჰედი ვარ, ბედუინი ვარ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ, სანამ ბოლო ტყვიას არ დავცლი. და სად არის ის ახლა? როგორც კი ომი მასთან სახლში მოვიდა, ის გაიქცა“.

ალმუსრატი ფიქრობს, რომ კადაფი ახლა საჰარაში, ალჟირის სამხრეთშია გაქცეული. ორშაბათს საღამოს ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ კადაფის მეორე ცოლი და მისი ორი ვაჟიშვილი ალჟირში არიან. შეკითხვაზე, დაბრუნდებიან თუ არა ისინი როდესმე ლიბიაში, ალმუსრატი პასუხობს: წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი.

მის გვერდით, თაღის ქვეშ 35 წლის ყოფილი მთავრობის მსახური, ხალედ აბიდი, დგას. ისიც თვლის, რომ მუამარ კადაფი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

მინუს ერთი პროცენტიც კი არ აქვს შანსი ხელისუფლებაში დაბრუნდეს“ - ამბობს ის.

სულ რაღაც ათ ნაბიჯში ეროვნული ბანკი მუშაობას ანახლებს. დარბაზის ცენტრალურ კედელზე ათწლეულობით ჩამოკიდებულმა ხალიჩამ, რომელზეც კადაფის პორტრეტი იყო გამოსახული, ახალი ფუნქცია შეიძინა. დღეს ის ბანკის შესასვლელში ფეხის გასაწმენდად დევს.

ბანკის კლიენტურას ამაზე განსხვავებული რეაქცია აქვს. ზოგი შესასვლელში შეყოვნდება, შემდეგ კი ფეხს ფრთხილად იწმინდავს და შენობაში შედის. მოხუცი კაცი ხალიჩაზე რამდენიმე წუთით წაუცეკვავს კიდეც. ისეთებიც არიან, ვინც ფეხსაცმელს იხდის და კადაფის სახეში ქუსლს გამეტებით ურტყამს.

ეროვნული ბანკის მმართველი ყველა მომსვლელს პირადად ეგებება. დღეს პირველი დღეა, რაც ბანკმა მუშაობა განაახლა. რევოლუციის შემდეგ ის 10 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ჰუსეინ ხარაკა ოპტიმისტურად უყურებს ლიბიის მომავალს და თვლის, რომ მისი ბანკი დღეიდან საერთაშორისო სტანდარტებს აუწყობს ფეხს და რომ ლიბიას ევროპასთან და ამერიკასთან ცივილური ურთიერთობა ექნება.

მასაც იგივე აზრი აქვს ლიბიის ლიდერზე, რომელიც ერთ დროს თავს „აფრიკელ მეფეთა მეუფეს“ უწოდებდა.

ხარაკას აზრით მხდალი მეფე საკუთარ ხალხს თვალს ვერ უსწორებს და სადღაც ხვრელში იმალება.

ყველგან, ქუჩებში, შენობებში თუ მანქანაში ლიბიის ახალი დროებითი ჰიმნი ისმის.

ბანკები ამუშავდა, ქუჩაში ტაქსები გამოჩნდნენ, მაღაზიები იხსნება. ტრიპოლი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ლიბიის დედაქალაქში კადაფის მისტიური ფიგურა კი აღარსად ჩანს.

XS
SM
MD
LG