ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ფარული ოპერაციები


ამერიკის ფარული ოპერაციები

აშშ-ის პრეზიდენტებისთვის ფარული ოპერაციების ცდუნებაზე უარის თქმა ხშირად რთულია

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, პრეზიდენტი ობამას ჩათვლით, არაერთხელ განაცხადეს, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი უნდა გადადგეს. ლიბიელი ერის დასახმარებლად, ამერიკა რამდენიმე შესაძლო ნაბიჯს განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი ზომა კადაფის რეჟიმის დასამხობად ფარული ოპერაციის განხორციელებაცაა.

საერთაშორისო კრიზისის დროს სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად, შეერთებული შტატების პრეზიდენტს რამდენიმე ბერკეტის გამოყენება შეუძლია. მოქმედებების ეს სპექტრი მოიცავს ყველაფერს - დიპლომატიური ძალისხმევიდან დაწყებული, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით დამთავრებული. ამერიკის მთავრობას, ასევე, შეუძლია გამოიყენოს, ეგრეთ წოდებული, ფარული ოპერაციები.

ფარული ოპერაციები ყოველთვის ძალადობრივი არ არის და მათი დანიშნულება სხვა ქვეყანაში სამხედრო, პოლიტიკური ან ეკონომიკური სიტუაციის ისე შეცვლაა, რომ პროცესის განმავლობაში ამერიკის კვალი არ გამოჩნდეს. ასეთი ოპერაციების მაგალითებია აგრესიული პროპაგანდა, ფარული დაფინანსება, არჩევნების მანიპულირება, მთავრობასთან დაპირისპირებული ჯგუფების იარაღით მომარაგება, სამხედრო წვრთნა და გარკვეულ შემთხვევებში, სახელმწიფო გადატრიალების წაქეზება. ამერიკის დაზვერვის სამსახურებს სხვა ტიპის საიდუმლო ოპერაციების განხორციელების საშუალებაც აქვთ, მაგრამ დაზვერვის მიერ ჩატარებული ოპერაციები ძირითადად ჯაშუშობასთან არის დაკავშირებული.

ლიბიაში საზოგადოებრივი არეულობის დაწყების შემდეგ, ხშირად ისმის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს თუ არა იქ ამერიკის ფარული ოპერაცია. პასუხი ამ კითხვაზე უცნობია. თუ ასეთი ოპერაცია მიმდინარეობს, ისინი ვინც მის შესახებ იციან ამ თემაზე არ საუბრობენ. ფარული ოპერაციის ძირითადი მახასიათებელი ხომ სწორედ საიდუმლოებაა.

ჯენიფერ სიმსი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც სადაზვერვო სამსახურის საქმიანობას სწავლობს. მისი თქმით, ფარული ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს ისეთ შემთხვევებში, თუ წინასწარ განსაზღვრული არ არის ოპერაციის სავარაუდო ან სასურველი შედეგი:

„თუ მოქმედების დაწყებამდე ზუსტად არ იცი რა უნდა გააკეთო მიზნის მისაღწევად და როგორ შეიძლება დასრულდეს შენი მოქმედება, მაშინ ჯობს საერთოდ არ დაიწყო ხრიკი. ამჟამად ლიბიაში ვითარება ძალიან არეულია. არ ვიცი რა სახის წყაროებს ეყრდნობა ჩვენი დაზვერვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე იქ ფარული ოპერაციის ჩატარება ძალიან რთული იქნება. გარდა ამისა, ჯერ არც კი ვიცით როგორ შეიძლება დასრულდეც ლიბიის კრიზისი.“

ფარულ ოპერაციებს ტრადიციულად დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ატარებდა. თუმცა, ჩარლზ ალენი, რომელიც ამერიკულ დაზვერვაში 40 წელი მუშაობდა, ამბობს, რომ ფარული ოპერაციის იდეა პოლიტიკოსებისგან მომდინარეობს და არა ჯაშუშებისგან. დაზვერვის ცენტრალური სააგენტო მიზნის შესასრულებლად მხოლოდ ტექნიკურ საშუალებას წარმოადგენს:

„დაზვერვის ცენტრალური სააგენტო იშვიათად მოუწოდებს ამისკენ. ფარული ოპერაციის მოთხოვნა ძირითადად პრეზიდენტისგან ან მისი კაბინეტის წევრებისგან - მაგალითად, სახელმწიფო, თავდაცვის ან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისგან მოდის. გარკვეული პრეზიდენტების მმართველობის დროს საიდუმლო ოპერაციები საკმაოდ შეზღუდული იყო, თუმცა, ამ ბერკეტის გამოყენება ხშირად საერთაშორისო საფრთხეებზე ყოფილა დამოკიდებული.“

პროფესორი სიმსი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტებისთვის ფარული ოპერაციების ცდუნებაზე უარის თქმა ხშირად რთულია.

„ფარული ოპერაციების დადებითი მხარე ის არის, რომ შეგიძლია მინიმალური ძალის გამოყენებით სასურველ შედეგს მიაღწიო. ცხადია, ამერიკის მონაწილეობა ამ ოპერაციაში საიდუმლო და ყველასაგან ფარული უნდა იყოს. უარყოფით მხარეს რაც შეეხება, თუ ამერიკის მონაწილეობა გამოაშკარავდა, გამოჩნდება ბევრი უკმაყოფილო მხარე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთაც. ამასთან, ფარული ოპერაციის გამოაშკარავების შემდეგ ამერიკის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა შეიძლება იმაზე მკაცრი იყოს, ვიდრე ის იქნებოდა ოპერაციის თავიდანვე ცხადად განხორციელების შემთხვევაში.“

ისეთი მოქმედებები, მაგალითად როგორიც 1961 წელს კუბაში, ღორების ყურეში ჩატარებული ოპერაცია იყო, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთ კატასტროფულ ნაბიჯად შევიდა. 1980-ან წლებში კი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთში მუჯაჰედების მხარდაჭერა წარმატებულ ოპერაციად მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ფარული და საიდუმლო ოპერაციების წარმოების მეთოდები იცვლებოდა. 1975 წელს ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მიერ დაგეგმილი რამდენიმე ოპერაცია გამოაშკარავდა. გეგმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მოკვლას ისახავდა მიზნად. ოპერაციის საიდუმლოების დარღვევის შემდეგ, ამერიკაში ფარული ოპერაციების განხორციელების წესები გაამკაცრეს. კერძოდ კი, ფარული ოპერაციის დასამტკიცებლად დღეს პრეზიდენტის ნებართვა და კონგრესში რვა წევრიანი კომიტეტის ინფორმირებაა საჭირო, რომლებსაც სადაზვერვო სამსახურის ზედამხედველობითი ფუნქცია აკისრიათ.

XS
SM
MD
LG