უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ოლივიე ბულოს სტატიით სათაურით „წერილი თბილისიდან. რისი მომასწავებელია ახალი ქართული სარისკო გათვლა კავკასიაში?“ რომელიც ჟურნალ „ფორეინ ეფეირსის“ ვებ გვერდზე გასული წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„სააკაშვილმა ‘გაერთიანებული კავკასიის’ რიტორიკული ხედვა გაეროს გენერალურ ასამბლეას გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. ‘ჩვენ შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფოებს ვეკუთვნით და მთების სხვადასხვა მხარეებს ვცხოვრობთ, მაგრამ ადამიანურ და კულტურულ სივრცეს რაც შეეხება, არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი კავკასია არ არსებობს, არსებობს ერთი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის და რომელიც ერთ დღეს საქართველოს მიერ გაკვალული ბილიკით ევროპის თავისუფალი ერების ოჯახს შეუერთდება,’ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში.
მართალია გამოსვლას შეიძლება ბანალური ხასიათი ჰქონდა, რუსეთმა ეს ინიციატივა უთუოდ მუქარად ჩათვალა. თუ სააკაშვილმა წარმატებას მიაღწია და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები ნამდვილად მის ‘ქართულ ბილიკს’ გაჰყვებიან, რაც სააკაშვილის განმარტებით დემორკატიზაციას, საბაზრო ეკონომიკას, თავისუფალ მედიასა და დასავლეთთან მეგობრობას გულისხმობს, მაშინ რუსეთის გავლენა სამხრეთი საზღვრის გაყოლებით უბრალოდ გაქრება.
რუსეთის მთავრობამ საქართველოს გეგმის შესაძლო მთავარი ამოცანა ამოიცნო. თუ მოხერხდა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობის გათიშვა რუსეთის დანარჩენი მოქალაქეებისგან და თუ ჩრდილოეთ კავკასიელები ბაზრების ათვისების, ფულის შოვნისა და ძალაუფლების და პრესტიჟის მოპოვების მიზნით თბილისის მიმართულებით დაიძრებიან, მაშინ მათი ერთგულების შენარჩუნების მიზნით მოსკოვს ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. კრემლი ხომ ისედაც უკვე დიდი ხანია რაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების უმრავლესობას ინახავს და მათ რეგიონალურ პოლიტიკოსებს მართვის უპრეცედენტო თავისუფლებას აძლევს. ამ მხრივ დამატებითი სახსრების გამოყოფა უთუოდ ბევრად უფრო ძვირი და დამამცირებელი იქნება. უფრო მეტიც, მოსკოვის ყურადღება და რესურსები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე ზეწოლა გარკვეული თვალსაზრისით შემცირდება.
თუმცა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს ამ სარისკო გათვლას თბილისში ყველა ერთგვაროვნად არ იწონებს. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს აღელვებთ ის, რომ მოსკოვი უვიზო რეჟიმის შემოღებას საქართველოში აგენტების შეგზავნისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტების მიზნით გამოიყენებს. ამას გარდა, ზოგიერთი პოლიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს კავკასიის რეგიონის მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავება ეთმხრივად არ ძალუძს. ‘საზღვარს ორი მხარე აქვს და რუსები მხოლოდ იმ ხალხს გაუშვებენ, ვისი მეორე მხარეს გადასვლა, მათ ნამდვილად სურთ,’ აღნიშნავს საქართველოს ყოფილი ადამიანის უფლებების ომბუდსმანი და ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოზარ სუბარი.
რუსეთის გავლენის დაკნინებას ჩრდილოეთ კავკასიაში შეიძლება ეთნიკური კონფლიქტი მოჰყვეს, რაც გარე სახელმწიფოებს უფრო უნდა ადარდებდეს. თუ საქართველოს პოლიტიკამ რუსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყო, შედეგები შეიძლება უმართავი გახდეს.
შემაშფოთებელია, რომ ჯერ-ჯერობით ვაშინგტონს მისი მოკავშირის ამ პროვოკაციურ და პოტენციურად დესტაბილიზაციის გამომწვევ სვლებზე რაიმე რეაგირება არ გაუკეთებია.
ავტომანქანით თბილისამდე ოსებს, ჩეჩნებს, ჩერქეზებსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებს სულ რამდენიმე საათის გზაღა აშორებთ. ამჟამად ქართველებს კავკასიაში დედაქალაქის შექმნის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნიათ, მაგრამ სამწუხაროდ გაურკვეველი რჩება ის, თუ რამდენად პასუხისმგებლად გამოიყენებენ ისინი იმ ძალაუფლებას, რომელსაც ეს როლი სთავაზობს მათ.“
უცხოური პრესის მიმოხილვას ვასრულებთ ჯექსონ დიელის სტატიით სათაურით „აღმაშფოთებელი დუმილი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 3 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„დეკემბრის დასაწყისში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბაჰრეინის საემიროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაჰრეინი სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატების მნიშვნელოვან მოკავშირეს წარმოადგენს. სწორედ იქ არის დისლოცირებული შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი. ვიზიტის დროს საემიროში პოლიტიკური დაძაბულობა შეინიშნებოდა და მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს იყენებდა. რამდენიმე ათეული დისიდენტი, წამყვანი მოაზროვნეების, სასულიერო პირებისა და გავლენიანი ბლოგერის ჩათვლით, დააკავეს, ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის დარღვევის ბრალდება წაუყენეს და სავარაუდოდ აწამეს. საემიროს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დამცველ ერთ არასამთავრობო ჯგუფზე, რომელიც შეერთებული შტატებიდან ფინანსდებოდა, პირდაპირი კონტროლი დააწესა. ყოველივე ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაითს უოთჩმა“ დაასკვნა, რომ ‘ის რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ბაჰრეინში ავტორიტარული სისტემის დაბრუნებისკენ მიგვითითებს.’
და რა აღმოჩნდა კლინტონის პასუხი? სახელმწიფო მდივანმა ბაჰრეინის საემიროს მმართველი ალ-ხალიფა ოჯახი შეაქო. ‘იმ პროგრესმა, რომელიც ბაჰრეინმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში მიაღწია, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა,’ აღნიშნა კლინტონმა საემიროში გამართულ საჯარო შეხვედრაზე.
ნუთუ ეს ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის გააქტიურებას? კლინტონის ვიზიტი ბაჰრეინში ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას ასახავს. კერძოდ კი იმას, რომ ადმინისტრაციის შიგნით ბევრი ეწინააღმდეგება ცნებას, რომ შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ უნდა ამხილოს ავტორიტარული რეჟიმები ან ამ რეჟიმების დევნის ქვეშ მყოფი დისიდენტები დაიცვას.“