ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: ამერიკა 2016-2017 წლების კომუნიკაციის გამოქვეყნებას ბლოკავს


ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა.

ლავროვის თქმით, რუსეთს სურს, 2016-2017 წლების კომუნიკაციის ის ჩანაწერები გამოაქვეყნოს, რომლებიც მოსკოვს ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებისგან გაათავისუფლებდა, თუმცა ამას ამერიკული მხარე ბლოკავს.

„ჩვენს კოლეგებს შევთავაზეთ, რომ ყველა უსაფუძვლო ეჭვის გასაქარწყლებლად დახურული არხების მეშვეობით 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე მიმდინარე კომუნიკაციის ჩანაწერები გამოვაქვეყნოთ. ეს ნათელს მოჰფენდა [მოვლენებს] ბევრი ადამიანისთვის“, - თქვა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართული პრეს-კონფერენციისას.

ორი ქვეყნის პირველი დიპლომატის შეხვედრა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის პარალელურად გაიმართა. შეხვედრას წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატის მიერ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის მუხლების გამოქვეყნება, რომლებიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. გარდა ამისა, შეხვედრის წინა დღეს გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ რუსეთის ამერიკის არჩევნებში ჩარევისა და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან კავშირების გამოძიება მართლზომიერად და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე დაიწყო.

პრესკონფერენციისას მაიკ პომპეომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას "რთული" უწოდა, მაგრამ თქვა, რომ ამერიკა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მუშაობს.

პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ ლავროვს ცხადად განუმარტა: ამერიკა არჩევნებში ჩარევას არ შეეგუება და თუ აუცილებელია, შესაბამისი მოქმედებებისთვისაც მზადაა. თუმცა, ლავროვმა ამერიკული მხარის ბრალდებების თაობაზე მეტი დოკუმენტის წარმოდგენა მოითხოვა. "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტმა მას სპეციალური პროკურორის, რობერტ მალერის გამოძიების შედეგებზე და მტკიცებულებებზე მიუთითა, სახელმწიფო მდივანმა კი აღნიშნა:

"ვფიქრობთ, რომ ჩვენ ბევრი ფაქტი წარვუდგინეთ ჩვენ რუს კოლეგებს იმის საჩვენებლად, თუ რა მოხდა 2016 წლის არჩევნებისას. არ გვგონია, რომ რამე შეცდომა არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობა ორ მხარეს შორის საუბრის უმთავრესი საკითხი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG