ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლევარები: საუდის ტახტის მემკვიდრის წინააღმდეგ აშშ-ის უმოქმედობა წუხილს იწვევს


იმ დღეს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა “ვაშინგტონ პოსტის” მიმომხილველ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე სადაზვერვო ანგარიშს საიდუმლო გრიფი მოხსნა, შეერთებულ შტატებში მყოფმა კიდევ ერთმა ცნობილმა საუდელმა დისიდენტმა სიკვდილის მუქარა მიიღო.

აბდულა ალაუდის ერთ-ერთ “ტვიტს” არაბულ ენაზე კომენტარი მიუწერეს: “შენ ხაშოგის ბედი გეწევა.”

ვაშინგტონში მცხოვრები ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დამხმარე პროფესორი, რომელიც საუდის არაბეთის შესახებ ხშირად წერს, ინტერნეტით მიღებულ, მისი სიტყვებით: “ყოველდღიურ” მუქარაში ბრალს საუდის სამეფოს სდებს.

ის მარტო არ არის. ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, იძულებით ქვეყნის გარეთ მყოფმა ბევრმა საუდელმა აქტივისტმა განაცხადა სიცოცხლისადმი დამაჯერებელი მუქარის შესახებ, რომელიც სამეფოდან მომდინარეობდა, ან ისინი პოტენციური საფრთხის შესახებ დასავლეთის მთავრობებმა გააფრთხილეს.

არასამართლებრივი მკვლელობების შესახებ გაეროს საგანგებო მომხსენებელმა აგნეს კალამარდმა, რომელიც ხაშოგის სიკვდილს იძიებდა, გამოცემა “გარდიანს” უთხრა, რომ გაეროში შეხვედრების დროს, საუდის მაღალი თანამდებობის პირი მისი მისამართით ორჯერ დაიმუქრა.

ალაუდი ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრების მიუხედავად თავს სრულად უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, სანამ ხაშოგის მკვლელობაში როლის გამო, საუდის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანის წინააღმდეგ სანქციები არ იქნება გამოყენებული.

გასულ თვეში, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ დაზვერვის ანგარიშში მოყვანილია დასკვნა, რომ ტახტის მემკვიდრემ “საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის სტამბოლში დატყვევების ან მოკვლის ოპერაცია დაამტკიცა.”

საუდის არაბეთმა ანგარიში უარყო და მასში მოყვანილ დასკვნებს “უარყოფითი, ცრუ და მიუღებელი” უწოდა.

ალაუდიმ “ამერიკის ხმას” ტახტის მემკვიდრის შესახებ უთხრა: “ვფიქრობთ, ის არ გაჩერდება. ის ფიქრობს, რომ [მკვლელობა] შერჩება. ის ამაში მართალი იყო.”

“ამერიკის ხმის” თხოვნას კომენტარის გაკეთების თობაზე, ვაშინგტონში საუდის არაბეთის საელჩო არ გამოეპასუხა.

თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯენ პსაკიმ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, ტახტის მემკვიდრის მიმართ სანქციები არ გამოეყენებინა და ამბობს, რომ როგორც წესი, შავ სიაში არ წერს ლიდერებს, რომლებთანაც “დიპლომატიური ურთიერთობა” აქვს.

ამის ნაცვლად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, თებერვალში, დაბალი რანგის70-ზე მეტი საუდელი ოფიციალური პირის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები და ვიზების შეზღუდვა დააწესა.

პსაკიმ თქვა: “საჭიროა ნათელი იყოს, რომ საუდის არაბეთთან ჩვენი ურთიერთობა ისეთია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნება შეერთებულ შტატების ინტერესებშია. იმავდროულად ნათელია, რომ მისი რეკალიბრაცია მოხდება.”

კრიტიკოსები ამბობენ, რომ სანქციები საკმარისი არაა იმისთვის, რომ საუდის არაბეთს ადამიანის უფლებების დარღვევებისგან თავი შეაკავებინოს.

მასალა მოამზადა “ამერიკის ხმის” ექსტრემიზმის კვლევის ოფისმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG