ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ჟურნალისტის სავარაუდოდ დანაწევრებულ გვამს ტყეში ეძებენ


სტამბოლის გარეუბანში ჯამალ ხაშოგის, თურქეთში გამქრალი დისიდენტი ჟურნალისტის გვამის ძებნა გრძელდება. პოლიცია მას ქალაქის სამხრეთით, 90 კილომეტრის დაცილებით მდებარე ბელგრადის ტყეში ეძებს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საელჩოში, ქორწინების საბუთის გასაფორმებლად შევიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. თურქეთის მთავრობა ფიქრობს, რომ ამერიკაში გახიზნული ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, მისი გვამი კი დაანაწევრეს და გადამალეს.

თურქეთის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხაშოგის მოკვლის დამადასტურებელი აუდიო-ჩანაწერი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, თურქეთში ვიზიტის დროს, ეს ჩანაწერი მოასმენინეს.

"არ მინახავს ჩანაწერი... არც მომისმენია. არც ნაბეჭდი ტექსტი მინახავს" - თქვა პომპეომ სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს კომენტარს. მინისტრის თქმით, "გამოძიების შედეგები, მიღებისთანავე, მთელი მსოფლიოსთვის გახდება ხელმისაწვდომი".

ამის მიუხედავად, აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გარკვეული ინფორმაცია უკვე ცნობილია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქამდე მკვლელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას ითხოვდა. მაგრამ ხუთშაბათს, როცა ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ნამდვილად მოკლულია თუ არა ხაშოგი, ტრამპმა უპასუხა: "ნამდვილად ასე სჩანს... ეს ძალიან სამწუხაროა". პრეზიდენტის თქმით, მკვლელობის შემთხვევაში "ძალიან მკაცრი" ზომები გატარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG