ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის მოახლოვებული არჩევნების ფონზე ქვეყანაში ეთნიკური დაძაბულობა იზრდება


ყირგიზეთის მოახლოვებული არჩევნების ფონზე ქვეყანაში ეთნიკური დაძაბულობა იზრდება
ყირგიზეთის მოახლოვებული არჩევნების ფონზე ქვეყანაში ეთნიკური დაძაბულობა იზრდება

ივნისში ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარი ეთნიკური ძალადობის შემსწავლელი კომისიის ცნობით ახლო მომავალში შეიძლება ძალადობის ახალი ტალღა აგორდეს

კვირას, 10 ოქტომბერს, ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში ეთნიკური ძალადობიდან სამი თვის შემდეგ, ყირგიზელი ამომრჩევლები ქვეყნის ახალ პარლამენტს აირჩევენ რათა შუა აზიის ეს ქვეყანა საპარლამენტო დემოკრატიად ჩამოყალიბდეს. საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოსკოვში ჯეიმს ბრუკი ყირგიზეთის სამხრეთში შექმნილ მდგომარეობას აანალიზებს.

ქალაქ ოშში უზბეკების სახლების ნანგრევების გაწმენდას ორი თვე დასჭირდა. სამუშაოებს ყირგიზების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის საბჭო უწევდა კოორდინაციას. აღდგენითი სამუშაოები აქ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ზამთრის მოახლოვების ფონზე უზბეკ მცხოვრებელებს ცხოვრება კარვებში უხდებათ.

მაღაზიის მესაკუთრე უზბეკი ჰამიდ ბადალოვი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი ქალაქ ოშში თაობების მანძილზე ცხოვრობდა. მას ცოლისთვის და სამი ბავშვისთვის სახლის აღდგენა სურს, მაგრამ აღდგენითი სამუშაოებისთვის არაფერი გააჩნია.

მისი თქმით, მას შერჩა მხოლოდ ის რაც ეცვა. დანარჩენი კი დაიწვა. ბადალოვმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის საკუთრება და ფული ხანძარში დაიწვა.

თითქმის მთლიანად ყირგიზებისგან შემდგარი არმიისა და პოლიციის ფონზე უზბეკები ქალაქ ოშში გაჩაღებული ძალადობის დროს წაგებულები აღმოჩნდნენ. ისინი მომხდარს უბრალოდ „ომს“ უწოდებენ. უზბეკი თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ არეულობის დროს ყირგიზეთის არმიამ და პოლიციამ შეიარაღებული ყირგიზი მოთარეშეების მხარე დაიჭირა.

უმუშევარი უზბეკი მშენებელი ბოხოდირ პაზიკლოვი აღნიშნავს, რომ ყირგიზების განიარაღება აუცილებელია. მას მიაჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდობა აქ არ დამყარდება.

სანამ ბოხოდირი ლაპარაკობს, მას მისი მეზობელი უახლოვდება და ამერიკის ხმის ჟურნალისტს დაღუპული ორი შვილის ფოტოებს უჩვენებს.

ეჰტიბარ კორაბოევა ამბობს, რომ მისი ვაჟიშვილები ივნისში უზბეკებით დასახლებულ უბანს იცავდნენ, როცა ისინი ყირგიზმა სნაიპერებმა მოკლეს. სნაიპერები ქალაქ ოშის ტურისტებისთვის ცნობილ სულეიმანის მთაზე იყვნენ ჩასაფრებულები.

გავრცელებული ცნობების თანახმად ახალგაზრდა უზბეკები საბრძოლო მომზადებისთვის ახლა ტაჯიკეთში გადადიან. შურისძიების სურვილით გაღვივებულები ისინი ფუნდამენტალისტური და გასამხედროებული დაჯგუფების უზბეკეთის ისლამური მოძრაობის რიგებს ავსებენ.

ახალგაზრდა უზბეკებს სამხრეთ ყირგიზეთში არაფერი აკავებს. ზაფხულის მანძილზე ოში ათასობით ახალგაზრდა შეძლებულმა და განათლებულმა უზბეკმა დატოვა. ისინი ძირითადად რუსეთში გადავიდნენ სადაც უვიზოდ სამუშაოს შოვნა მაინც ადვილია.

ერთმა ინგლისურად მოლაპარაკე უზბეკმა, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა, განაცხადა, რომ იგი კანადაში თავშესაფარზე საბუთების შეტანას აპირებს.

„ივლისიდან და აგვისტოდან მოყოლებული ჩემი მეგობრების უმრავლესობამ ყირგიზეთი დატოვა. გასულ კვირას ჩემი უახლოესი მეგობარი მოსკოვში გაფრინდა, სადაც იგი ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს,“ აღნიშნა უზბეკმა ახალგაზრდამ.

უზბეუკური ელიტისგან დაცარიელებულ სამხრეთ ყირგიზეთში უზბეკ მუშათა კლასში უმუშევრობამ იმატა რადგან ყირგიზები უზბეკ მუშებს სამუშაოს არ აძლევენ. ბოხოდირმა სამშენებლო ობიექტებზე მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი მოიარა, მაგრამ ქალაქ ოშში უზბეკი მუშების დისკრიმინაცია ახლა კანონზომიერებად იქცა.

ყირგიზების მხრიდან კი ადვოკატი ტალასი აღნიშნავს, რომ უზბეკები ისტორიულად ყირგიზების ხარჯზე მდიდრდებოდნენ.

მისი თქმით, ქალაქ ოშის 40 რესტორნიდან 35-ს უზბეკები ფლობდნენ. ამის მსგავდად 40 ძვირადღირებული უცხოური ავტომანქანიდან, 35 უზბეკების საკუთრებაში იყო. იგივე შეიძლება ითქვას სამსართულიან საკუთარ სახლებზე.

ყირგიზების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ყირგიზების დანაკარგებს გვერდს უვლის.

ყირგიზმა აქტივისტმა ტურგუნაი აბდიევამ ამერიკის ხმის კორესპონდენტს ივნისში დაღუპული 269 ყირგიზის ფოტო აჩვენა. აბდიევა დარწმუნებულია, რომ ყირგიზები ქალაქ ოშზე კონტროლს შეინარჩუნებენ.

მისი ლაპარაკის დროს ქალაქის მუნიციპალური მთავრობის შენობის წინ ოშის მერის ყირგიზი ნაციონალისტი პოლიტიკოსის მელის მირზაკმატოვის მომხრეები შეიკრიბნენ. მირზაკმატოვმა უზბეკური სინფორმაციო სააგენტოები დახურა, ევროპელი პოლიციელი დამკვირებლების ჩამოსვლა დაბლოკა და უზბეკებით დასახლებული უბნებში აღდგენითი სამუშაოები შეანელა.

უზბეკი ჟურნალისტი ალიშერ ხამიდოვი ყირგიზეთის პოლიტიკურ მომავალს კარგს არაფერს უქადის:

„ჩვენ ლეგიტიმური პარლამენტი არ გვეყოლება. ჩვენ არ გაგვაჩნია ეფექტური სასამართლო სისტემა, რომელიც არჩევნებში დარღვევების გამოძიებას შეძლებს. სამაგიეროდ მოსახლეობაში დაგროვდა დიდძალი შეიარაღება და მე ვშიშობ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოებები სწრაფად პოლიტიკურ ძალთა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება.“

ინტერვიუს შემდეგ ხამიდოვი ოშიდან შეერთებულ შტატებში გაფრინდა, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარო მოითხოვა. გასულ კვირას ბიშკეკში ივნისში მომხდარი ეთნიკური ძალადობის შემსწავლელმა კომისიამ განაცხადა, რომ ახლო მომავალში ეთნიკური ძალადობის ახალი ტალღა „სავსებით შესაძლებელია.“

XS
SM
MD
LG