ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან რობერტ ბლეიკთან


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში ბატონი რობერტ ბლეიკი
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში ბატონი რობერტ ბლეიკი

საპარლამენტო არჩევნებმა ყირგიზეთში მშვიდობიან ატმოსფეროში ჩაიარა და ეუთოს დამკვირებლებს რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ

გუშინ ამერიკის ხმის უზბეკურმა რედაქციამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში ბატონ რობერტ ბლეიკს, რომელმაც ყირგიზეთში ახლახან გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შუა აზიის რეგიონში შეერთებული შტატების მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა.

ინტერვიუს დასაწყისში რობერტ ბლეიკმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ყირგიზეთში დემოკრატიის განვითარებაზე ხუთი მილიონი დოლარი გამოყო. რაც შეეხება ყირგიზეთში ახალახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოყო სახსრები კანდიდატებს შორის ცხრა სატელევიზიო დებატის ჩასატარებლად. ამას გარდა დაფინანსდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებში ხმის მიცემას მოუწოდებდა. მისი თქმით:

„ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექსპერტების რეკომენდაციები მივაწოდეთ. ხსენებული რეკომენდაციები ეხებოდა ისეთ ტექნიკურ საკითხებს როგორიც არის ამომრჩეველთა სიების შედგენა და არადამსწრე ამომრჩევლების ბიულეტენების გაფორმება. ადვოკატებისთვის და მოსამართლეებისთვის ჩვენ სპეციალური ტრეინინგები ჩავატარეთ, რომელიც არჩევნების დროს შესაძლო დარღვევებისა და პოლიტიკური პარტიების საჩივრების განხვილის საკითხებს დაეთმო. ამდენად ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტიური როლი შევასრულეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა.“

ბლეიკმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ყირგიზეთში მშვიდობიან ატმოსფეროში ჩაიარა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებში ყირგიზ ამომრჩეველთა გამოცხადებამ, ქვეყნის სამხრეთ რეგიონის ჩათვლით, 56 პროცენტს მიაღწია, რაც დამაჯერებელია. ეუთოს დამკვირებლებს რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. მათ გარკვეული შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ზოგ შემთხვევაში ამომრჩეველთა სიები შესაბამისად განახლებული არ იყო.

„მე პირადად არ მომსვლია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ხალხს არჩევნებში მონაწილეობას აძალებდნენ ან პირიქით ხელს უშლიდნენ,“ აღნიშნა ბლეიკმა.

როგორც მოსალოდნელია, ხმების დათვლის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს დაამტკიცებს და განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ყირგიზეთის პარლამენტში ადგილებს დაიკავებენ. ამის შემდეგ ახალ პარლამენტს მთავრობის შესადგენად 15 დღე მიეცემა. ამ კონტექსტში რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტი ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრს აირჩევს. ამასთან დაკავშირებით ბლეიკმა აღნიშნა:

„ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ყირგიზეთის დემოკრატიულ განვითარებაში ისე მთლიანად შუა აზიის რეგიონში. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მე დადებითად ვაფასებ და იმედი მაქვს, რომ ყირგიზეთი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის დადებითი მაგალითი იქნება.“

ბლეიკმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთში მანასის სატრანზიტო ცენტრის ფუნქციონირება წარმოადგენს იმ ფართო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც ავღანეთის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, ამ სტრატეგიულ მიზანს ყირგიზეთის მხარე სრულად იზიარებს რადგან ავღანეთსა და პაკისტანში მოთარეშე ისლამისტი მეამბოხეები საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებს არამედ შუა აზიის სახელმწიფოებსაც.

ინტერვიუს დასასრულს ბლეიკმა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა შუა აზიის რეგიონში ამგვარად დაახასიათა:

„მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე შუა აზიაში ჩვენი პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გარკვეული შესაძლებლობები შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთთან უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეს განსაკუთრებით ყირგიზეთს ეხება. ვფიქრობ რუსეთთან ჩვენ საერთო მიზნები გვაკავშირებს. მაგალითად თუნდაც ავღანეთი გამოდგება. ამდენად რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენ მივესალმებით.“

XS
SM
MD
LG