ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

არჩევნების შემდეგ ყირგიზეთი ავტორიტარული რეჟიმებით ცნობილ რეგიონში საპარლამენტო დემოკრატიის გზას დაადგა.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. არჩევნების გამართვა შუა აზიის ამ ყველაზე პოლიტიკურად არასტაბილურ სახელმწიფოში მიზნად ქვეყნის პოლიტიკური წყობის განმტკიცებას ისახავდა.

ყირგიზეთში მთავრობის შეცვლას, როგორც წესი, ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა მოჰყვებოდა, მაგრამ გუშინ მას ამომრჩეველთა საარჩევნო ბიულეტნების ქაღალდის შრიალმა შეცვალა.

არჩევნების შემდეგ ყირგიზეთი ავტორიტარული რეჟიმებით ცნობილ რეგიონში საპარლამენტო დემოკრატიის გზას დაადგა.

სახალხო აჯანყებიდან ექვსი თვის შემდეგ ყირგიზები 29 პარტიის კანდიდატებისგან ახალ პარლამენტს ირჩევდნენ. როგორც მოსალოდნელია, 120-წევრიან პარლამენტში შეიქმნება მმართველი კოალიცია, რომელიც ახალ პრემიერ მინისტრს აირჩევს.

საარჩევნო ყუთში საკუთარი ბიულეტნის ჩაგდების შემდეგ ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როზა ოტუნბაევამ შესაძლო პოლიტიკური დაპირისპირება გამორიცხა. მისი თქმით:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სტაბილური მთავრობა გვეყოლება, რომელიც ქვეყანას წინ წაწევს.“

ქალბატონი ოტუნბაევა ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც აპრილში სახალხო აჯანყების შედეგად პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს უკვე მეორე ამგვარი აჯანყება იყო. ხოლო ივნისში სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურმა დაძაბულობამ ასობით სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქალბატონმა ოტუნბაევამ აღნიშნა, რომ ყირგიზეთის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შეტანა პარტიების კანდიდატთა სიებში სავალდებულოა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიები ეთნიკური უმცირესობების ხმებისთვის პაექრობდნენ, მათ შორის სამხრეთ ყირგიზეთში მცხოვრები უზბეკების ხმების მოსაპოვებლადაც.

არჩევნები მშვიდობიანად გაიმართა. გამონაკლისს არც სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ქალაქი ოში წარმოადგენდა. ყირგიზეთის 2.8 მილიონი ამომრჩევლიდან არჩევნებში 55 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

პოლიტიკური არასტაბილურობის გარდა, ყირგიზ ამომრჩევლებს ქვეყნის ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობა ადარდებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, ყირგიზეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთადერთი სახელმწიფოა, რომელშიც წელს ეკონომიკური განვითარების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ხუთპროცენტიანი ზრდის ნაცვლად ყირგიზეთის ეკონომიკა 3.5 პროცენტით შემცირდა. ამის მთავარ მიზეზად ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომხდარი პოლიტიკური ძალადობა დასახელდა.

ამომრჩეველთა აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსალოდნელია, რომ პარლამენტში ადგილების უმრავლესობას ხუთი პოლიტიკური პარტია მოიპოვებს, რაც კოალიციის შექმნას აუცილებელს გახდის.

ოტუნბაევას პროგნოზის მიხედვით, აპრილში მომხდარი სახალხო აჯანყების შედეგად „წაგებული და მოგებული“ მხარეები პარლამენტში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან.

მაგრამ ბევრი ყირგიზი, 22 წლის ადვოკატის აინურა სულტანბაევას მსგავდად, შიშობს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია გაგრძელდება რადგან პარტიები მმართველ კოალიციაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას გააჩაღებენ.

„ყირგიზეთის ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ ქვეყანას ლიდერი არ ჰყავს. ცუდი ლიდერის არსებობის შემთხვევაშიც კი მასთან გარიგების მიღწევა და ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია. მაგრამ როცა ლიდერობაზე ბევრი აცხადებს პრეტენზიებს, მაშინ გარიგების მიღწევა ყველასთან საჭირო იქნება.“

ვაშინგტონი ყირგიზეთში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მტკიცედ უჭერდა მხარს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ხუთი მილიონი დოლარი გამოყო.

XS
SM
MD
LG