ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენთის სუნი და ნამდვილი ტყვიები უკრაინაში


დაპირისპირება კიევის ქუჩებში გრძელდება

ყოველწუთიერად უფრო და უფრო მძიმდება უკრაინიდან მიღებული ცნობების შინაარსი და ფოტოებზე აღბეჭდილი რეალობა. ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების ამოქმედებაზე ჯერ მხოლოდ განცხადებებს აკეთებს. დაახლოებით 50 დაღუპული ადამიანი - ამგვარია ამ დროისთვის არსებული მონაცემები. გარდაცვლილთა და დაჭრილთა დაზიანებებზე ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ჩანს. სოციალურ ქსელებში მრავლადაა ფოტოები არა რეზინის, არამედ ნამდვილი ტყვიის გილზებით კიევიდან.

პუტინისა და მედვედევის განცხადებებში ისმის მათი მოწოდება უკრაინის პრეზიდენტის იანუკოვიჩის მამართ, ხელში აიღოს ვითარების მართვის სადავეები და ამოწუროს პრობლემა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობის თაობაზე განცხადება გააკეთა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან კიევის ცენტრში. „იქ სავარაუდო იყო სწორედ ის, რაც განვითარდა გუშინ. დაღუპულთა რიცხვი ავიდა 50-მდე, რაც გავიგე. ამიტომ სიფრთხილისკენ მოწოდება კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო,“- ამბობს მაია ფანჯიკიძე.

რა შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი უკრაინულ რეალობაში. როდის იქცევა უკრაინაული ესკალაცია პრობლემად დანარჩენი მსოფლიოსთვის? ამის თაობაზე დღეს ამერიკის ხმასთან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წარმომადგენელმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა:

„სიტუაცია ისე შეტრიალდა, რომ არაა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესზე საუბარი. აქაა ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე, ადამიანური მსხვერპლია, სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება. შეიძლება მივიდეს სამხედრო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომამდე. ამიტომ ახლა, ევროპა და აშშ მგონია, რომ ძალიან სერიოზულად ამოქმედდებიან, თუ უკვე გვიანი არაა. უკვე პირდაპირ უნდა ჩაერიონ.

რას გულისხმობთ პირდაპირ ჩარევაში?

ახლა უკვე სანქციებს აწესებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ერთი პოზიცია დაიჭირეს. პრაქტიკულად, ადანაშაულებენ ოფიციალურ ხელისუფლებას იმაში, რაც უკრაინაში ხდება, შესაბამისად ზეწოლას ახორციელებენ ხელისუფლებაზე. ესაა ჩარევა.

სანქციები ხომ არ უბიძგებს იანუკოვიჩს, ხომ არ მოახდენს მის პროვოცირებას უფრო მეტად მიეჯაჭვოს მოსკოვს?

დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც გუშინ მიიღეს, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სანქციების თაობაზე იმჯელებდენ დღეს. როდის შევა ძალაში, არ ვიცით ჯერ ამის თაობაზე არაფერი.

რას გულისხმობს თავად სანქციები უკრაინის მიმართ?

მაგალითად, იანუკოვიჩის შვილი მილიარდელია. მას აქვს უზარმაზარი თანხები ევროპასა და ამერიკაში, რასაც დაუყოვნებლივ გაუყინავენ, გარდა ამისა, არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას. ძალიან ბევრ უკრაინელ მაღალჩინოსანს, რომლებიც ძალიან კორუმპირებულები არიან და ხშირად დადიან ევროპასა და ამერიკაში, აქვთ ასევე ანგარიშები ამ ქვეყნებში. ესაა ის სანქციები, რომელთა თაობაზე ამ შემთხვევაშია საუბარი, ანუ გადაადგილების შეზღუდვა და ანგარიშების გაყინვა.

რამდენად შეიძლება ვისაუბროთ იმის თაობაზე, რომ მოვლენებს, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში დღეს, აკონტროლებს უკრაინული ოპოზიცია.

თავისთავად ოპოზიცია ვერ კარნახობს შეკრებილ ადამიანებს თავის ნებას. ხშირ შემთხვევაში, ოპოზიცია ნაკლებად მომხრეა რადიკალიზაციისა და საერთოდ არც იყო მომხრე რადიკალიზაციის, მაგრამ პრაქტიკულად იანუკოვიჩმა უბიძგა მათ ამისკენ. ჩვენ დღესაც ვხედავთ, რომ სნაიპერები, რომლებიც დამიზნებით ესვრიან ოპოზიციის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს, შესაძლოა ყველაზე რადიკალურ ელემენტებსაც, ეს კიდევ უფრო მეტი უკიდურესობისკენ უბიძგებს კონფლიქტს. აქ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას დიდი მანევრის საშუალება არ აქვს. თუ იანუკოვიჩისგან იქნებოდა გარკვეული სახის დათმობა, მაშინ ოპოზიციის ნებას ისევ დაემორჩილებოდა ეს აჯანყებული ხალხი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციას არ აქვს სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომ მიჰყვეს ხალხის ნებას.

რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ რუსეთისგან გამოიყენოს ეგრეთ წოდებული „ყირიმის ბანქო“?

ყირიმის საკითხი ასე მარტივად არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ საკითხები უფრო მარტივდება ხოლმე, როდესაც ადგილი აქვს მოვლენების რადიკალიზაციას და სიტუაციის უფრო სასტიკი სცენარით განვითარებას. ჩვენ არ ვიცით რა დილემის წინაშე დადგებიან ყირიმში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეები, თუ ვთქვათ, უკრაინაში დაიწყება სამოქალაქო ომი სამხედრო დაპირისპირებით და ასე შემდეგ. სეპარატიზმი მაინცდამაინც იქიდან არ იწყება, რომ მათ თქვან, ჩვენ არ გვინდა უკრაინაში, გვინდა გამოყოფა და სხვა. სეპარატიზმი შესაძლოა დაიწყოს ისეთი სცენარით, როგორიც მაგალითად, აჭარაში ხორციელდებოდა თავის დროზე, ანუ უბრალოდ დააყენონ სამხედროები და თქვან, ჩვენ არ შემოვუშვებთ აჯანყებულებს. ან ჩვენ არ გვინდა ადამიანები, ვინც არსებული ხელისუფლება ჩამოაგდო. თუ უკრაინაში მართლაც სამხედროები ჩაებნენ ყველაფერში და წინააღმდეგობა შეიარაღებულმა ადამიანებმა გაუწიეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ზოგიერთ რეგიონში შეიარაღდა, სამხედრო ბანაკიც კი გაძარცვეს და ეს საფრთხეს შექმნის. მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედი მაქვს, ევროკავშირი და აშშ მოახერხებენ სერიოზული ზეწოლის განხორციელებას როგორც რუსეთის ხელისუფლებაზე, რომელიც, ფაქტობრივად, კარნახობს იანუკოვიჩს რა გააკეთოს, ასევე უკრაინის ხელისუფლებაზე.“

ამ დროისთვის კიევის ცენტრი დემონსტრანტების მიერაა ბლოკირებული. ღამით, ბერკუტსა და მომიტინგეებს ერთმანეთისგან საბურავებით დანთებული ცეცხლის ხაზი ჰყოფთ. ევროინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ გამოსვლები უკრაინაში სამი თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ მომიტინგეებს ევროპის მოედანი არ მიუტოვებიათ.
XS
SM
MD
LG