ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხერსონში უკანონო რეფერენდუმი ყოვნდება


რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის ქალაქი ხერსონი. 24 ივლისი, 2022 წ.
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის ქალაქი ხერსონი. 24 ივლისი, 2022 წ.

რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ოფიციალური პირის განცხადების მიხედვით, ყოვნდება ხერსონის რაიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმის გეგმები. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

კირილ სტრემუსოვი ხერსონის რაიონის ოკუპირების შემდეგ, კრემლმა სამხედრო-სამოქალაქო მთავრობის ადმინისტრაციაში, უფროსის მოადგილედ დანიშნა. ის ამბობს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ხიდზე, რომელიც ანტონივსკის გზის ნაწილია, მანქანები ვეღარ მოძრაობენ, რაც უკრაინელების მიერ ბოლო კვირების განმავლობაში დაწყებული შეტევების შედეგია. ხიდი მდინარე დნეპრზე გადის და ქალაქ ხერსონთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი არტერიაა.

რეფერენდუმი ხერსონის და ზაპორიჟიის რაიონებში სექტემბერში იყო დანიშნული. მოსკოვი ცდილობდა, რომ უკრაინისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი რეფერენდუმი რუსეთის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაემთხვია.

რუსეთმა ხერსონის თითქმის მთელი რაიონი ომის დაწყებისთანავე, მარტში დაიპყრო. მას შემდეგ, რაც კრემლმა 24 თებერვალს მეზობელ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა წამოიწყო, ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

კიევი აცხადებს, რომ გასულ კვირას ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ კონტრიერიში წამოიწყო. უკრაინის სამიზნე ძირითადად რუსეთის არმიისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ჯაჭვის ცენტრალური ობიექტებია, როგორიცაა მაგალითად ხიდები, თუ იარაღის და ამუნიციის საცავები. უკრაინა ამ ეტაპზე სამხრეთ რეგიონში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებასაც ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG