ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთს რუსეთიდან ენერგიის მიწოდება შეუმცირდა, გერმანია ენერგოიმპორტის შეზღუდვისთვის მზადაა


დღეს გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ქვეყანა ენერგიის იმპორტის შემცირებისთვის კარგად არის მომზადებული. რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვამ ევროპის კავშირის ქვეყნებში არასაკმარისი ენერგორესურსების ფონზე მზარდი ფასების და დიდი დეფიციტის შიში გააჩინა. ევროპელები ზამთარში ენერგიის დაზოგვისთვის უკვე ემზადებიან.

შოლცმა ამის შესახებ მთავრობის ორდღიან მიღებაზე ისაუბრა, რომელზეც ყურადღების ცენტრში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა და ევროპის ენერგომომარაგებაა. მიღებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც ესწრება.

რუსეთიდან საწვავის ექსპორტის შემცირების ფონზე, გერმანიამ კვლავ აამუშავა ნავთობისა და ქვანახშირის საწარმოები. ბერლინმა ბუნებრივი აირის მარაგის შევსების განკარგულებაც გასცა. შოლცი ამბობს, რომ მარაგის საცავები ახლა 80%-მდე სავსეა. მოელიან, რომ გერმანია 3 დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის მუშაობასაც გაახანგრძლივებს.

რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულმა "გაზპრომმა" საფრანგეთს გაზის ექსპორტი კიდევ უფრო შეუმცირა. გადაწყვეტილება ფრანგული კომპანია "ენჯისთვის" ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ძალაში დღეს შევიდა. მიზეზად "მხარეებს შორის ბევრი კონტრაქტის შეუსრულებლობა" დასახელდა.

მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციები დაუწესა, გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროკავშირის ბევრ ქვეყანას შეუმცირდა. გაზაფხულიდან მოყოლებული, ევროპელი ლიდერები თანამოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ. ევროპა რუსეთს გაზის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაში სდებს ბრალს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ზამთარში გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს.

XS
SM
MD
LG