ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეუმცირა


წარწერა კომპანია "გაზპრომის" შენობაზე ბერლინში, გერმანია. 6 აპრილი, 2022 წ.

ევროპის კავშირში რუსული გაზის იმპორტი დღეიდან კიდევ უფრო მცირდება. მოსკოვს და ბრიუსელს შორის ეკონომიკური დაპირისპირება ღრმავდება, რაც ბლოკის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში რეცესიის რისკებს ზრდის. თუმცა, გერმანია აცხადებს, რომ მოსალოდნელი დეფიციტისთვის უკვე მზად არის.

რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტმა "გაზპრომმა" განაცხადა, რომ რამდენიმე დღით აჩერებს გერმანიასთან დამაკავშირებელ, ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მილსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 1" მუშაობას. გაზის ექსპორტი დღეს შეწყდა და 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. "გაზპრომი" მიწოდების შეჩერებას კვლავ აუცილებელი პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნის.

გერმანიის გაზგაყვანილობის მარეგულირებელი კლაუს მიულერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა მოსალოდნელი წყვეტისთვის უკეთაა მომზადებული და გაზის მარაგის თითქმის 85% შევსებული აქვს. ამას გარდა, ხდება მიმწოდებელთა დივერსიფიკაცია და სხვა წყაროების გამოყენებაც.

მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციები რამდენიმე ფაზად დაუწესა, გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროკავშირის ბევრ ქვეყანას შეუმცირდა. გაზაფხულიდან მოყოლებული, ევროპელი ლიდერები თანამოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

ევროპა რუსეთს გაზის "ომის იარაღად" და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაში სდებს ბრალს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ზამთარში გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს. რუსეთი ევროკავშირის ბრალდებებს უარყოფს და ენერგორესურსების შემცირებულ მიწოდებას ტექნიკური მიზეზებით ხსნის.

XS
SM
MD
LG