კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ სამარყანდში გაიმართა. მხარეებს შორის განხილული იყო ისეთი გლობალური საკითხები, რომლებიც ორივე ქვეყნის შეშფოთების საგნად რჩება, მათ შორის ძალადობრივი ექსტრემიზმის დამარცხება, რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა-აღნიშნა სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.
77 წლის კარიმოვი უზბეკეთს 1990 წლიდან მართავს.
მთავარმა ამერიკელმა დიპლომატმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა C5+1 პირველი შეხვედრის ხელშეწყობისთვის. ეს არის მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, რომელიც შუა-აზიის 5 ქვეყნისა და აშშ-ის მოლაპარაკებებს გულისხმობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოსცეს, სადაც რეგიონული ვაჭრობის, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს, ტერორიზმისა და იარაღის ტრეფიკინგის აღკვეთის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის პირობა დადეს.