ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაზარბაევის ოჯახის წევრებს ყაზახეთში თანამდებობებიდან ათავისუფლებენ


პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი (მარჯვნივ) და ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთში, თანამდებობიდან ნურსულთან ნაზარბაევის კიდევ ორი ნათესავი გაათავისუფლეს. ავტორიტარი მმართველის ოჯახის წევრებისა და ნათესავების ქვეყნის სადავეებიდან ჩამოცილება, ყაზახეთში საპროტესტო ტალღას მოჰყვა.

17 იანვარს, ყაზახეთის „მეწარმეთა ეროვნული პალატის“ თავმჯდომარე, ნაზარბაევის სიძე - ტიმურ კულიბაევი - იქნა გათავისუფლებული. კულიბაევი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და ნაზარბაევის მეორე ქალიშვილის, დინარას ქმარია.

ამავე დღეს, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა გამოსცა ბრძანება, ნაზარბაევის კიდევ ერთი ოჯახის წევრის, სამატ აბიშის გათავისუფლების თაობაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან. ეს ნაბიჯი მოსდევს, კიდევ ერთ გადაწვეტილებას, რომლითაც ნაზარბაევის ორი სიძე წამყვან ენერგო კომპანიებში დაკავებულ პოსტებს ჩამოაშორეს.

გასულ კვირას, ნაზარბაევის ახლო მოკავშირეები, უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, კარიმ მასიმოვი და მისი ორი მოადგილე, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

ყაზახეთის ნაწილში კვლავ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ყაზახი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ სისხლიან დაპირისპირებას დემონსტრანტებსა და ხელისუფლების ძალებს შორის, 225 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 19 სამართალდამცავის. თუმცა ადამიანის უფლებების დამცველები და ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს მონაცემები რეალობას არ ასახავს და მსხვერპლი გაცილებით დიდია.

საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2 იანვარს მანგისთაუს ოლქში, საწვავზე ფასების ზრდას მოჰყვა, მოგვიანებით საპროტეტო ტალღა მთელ ქვეყანაში გავრცელდა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა განაცხადა, რომ ნურსულთან ნაზარბაევი ტოვებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, რომელზეც ის 2019 წლის შემდეგ იმყოფებოდა და საიდანაც არაპირდაპირ, აკონტროლებდა ხელისუფლება.

მოგვიანებით პრეზიდენტმა ტოყაევმა, ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზეზით, რუსეთს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულები ორგანიზაციის სხვა ქვეყნებს, სამხედრო დახმარებისთვის მიმართა. რუსეთმა ყაზახეთში ჯარები და შეიარაღება გაგზავნა. ტოყაევი აცხადებდა, რომ არეულობის უკან „უცხოელი ტერორისტები“ იყვნენ, თუმცა დეტალები, თუ ვინ მოიაზრება „ტერორისტებში“, არ განუცხადებია.

XS
SM
MD
LG