ნიუზეუმში მედიის თანამშრომელთა მემორიალურ კედელს 2013 წელს დაღუპულთა 10 სახელი დაემატა. ახალი ამბების მუზეუმის მემორიალი ჟურნალისტთა სახელებს 1837 წლიდან მოყოლებული აღრიცხავს. ნიუზეუმის წარმომადგენლის, ჯინ პოლისინსკის თქმით, ეს მედიის თანამშრომელთა რისკიან პროფესიაზე მიუთითებს, რომელიც ხშირად მსხვერპლს მოითხოვს.
„აქ ნახავთ ფილიპინელ რადიო-წამყვანს, თუ რუს ჟურნალისტს, რომელიც ცემით მიყენებული ტრავმით 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. არიან ადამიანები, რომელთა სახელები შესაძლოა ვერასოდეს გავიგოთ. ისინი ახალი ამბების მოპოვებას და გავრცელებას შეეწირნენ. ჩვენი ჯგუფი მათი სახელების მოძიებაზეც მუშაობს“ - ამბობს ის.
ქეთლინ ქეროლი ასოშაიტედ პრესის ვიცე-პრეზიდენტი ნიუზეუმში მისულ დაღუპულ ჟურნალისტთა ოჯახებს მიმართავს.
„მათ ისეთი ფოტო გადაიღეს, რომელიც ვიღაცას არ აწყობდა. ისეთი ვიდეო, რომელიც არ მოეწონათ. ისეთი კითხვა დასვეს, რომელზე პასუხი არ უნდოდათ. ისეთი რამ დაწერეს, რაც ვიღაცის აზრით, არ უნდა გამოქვეყნებულიყო“ - აღნიშნავს საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი.
ქეროლის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი მოვლენას სამშობლოში აშუქებს, თუ უცხო ქვეყნიდან, რადგან ის მსოფლიოში სიმართლის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გასულ წელს დაღუპულ მედიის თანამშრომელთა შორისაა ბრიტანელი ტელეოპერატორი მიკ დინი. მას ეგვიპტეში ამბოხებულებს და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკების გადაღების მომენტში ესროლეს. ნიუზეუმში გამართულ ცერემონიალს დინის ქვრივთან ერთად, მისი შვილიც ესწრებოდა.
„ასეთ დროს კარგად იკვეთება და ხაზი ესმება იმას, რის გამოც ჩვენ მამით ძალიან ვამაყობდით. ყველა დაღუპულის ოჯახი ჩვენსავით უნდა აფასებდეს და ეამაყებოდეს ის ადამიანები, რომელთა სახელები ნიუზეუმის კედელზეა თავმოყრილი“ - ამბობს პატრიკ დინი.
2013 წელს დაღუპულთა შორის არიან: ჟესლინ დუპონი და კლოდ ვერლონი, რომლებიც მალიში ამბოხებულთა ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ მოკლულები იპოვეს. როდრიგო ნეტოს მას შემდეგ ესროლეს, რაც მან ბრაზილიის პოლიციაში კორუფცია გამოააშკარავა. ფილიპინელ ფერნანდო სოლიჯანს სიკვდილამდე მუქარის წერილებს უგზავნიდნენ. ჯინ პოლისინსკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სახელები დავიწყებას არ მიეცეს.
„მსოფლიოს ჟურნალისტები სამსახურეობრივ მოვალეობას ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ, რათა ჩვენ ახალი ამბავი შევიტყოთ. იმედი გვაქვს ჩვენი მუზეუმი ინფორმაციის მომხმარებელს დააფიქრებს და შეახსენებს ყველას, თუ რამდენად საშიში შეიძლება ეს პროფესია იყოს“ - აღნიშნავს ნიუზეუმის ინსტიტუტის წარმომადგენელი.
საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, გასულ წელს 77 მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ნიუზეუმის კედელზე შესაძლოა თითოეული მათგანის სახელი არ იყოს, თუმცა მუზეუმის მესვეურების თქმით, მემორიალი პატივს ყველა იმ ჟურნალისტს მიაგებს, ვინც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.