ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა-სააკაშვილის შეხვედრას ექსპერტები ეხმაურებიან


ობამა-სააკაშვილის შეხვედრას ექსპერტები ეხმაურებიან
ობამა-სააკაშვილის შეხვედრას ექსპერტები ეხმაურებიან

ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების უმაღლესი დონის შეხვედრის მნიშვნელობაზე კომენტარი ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ექსპერტს ჯონ ჩიკის ვთხოვეთ.

ბატონი ჩიკის კომენტარებს თან ვურთავთ განსხვავებულ მოსაზრებას ამ შეხვედრის შესახებ, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტს, ჯოშუა კუჩერას ეკუთვნის.

ბატონმა ჩიკიმ ინტერვიუს დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მის მიერ გაჟღერებული კომენტარები არ წარმოადგენს თავდაცვის უნივერსიტეტის ან ამერიკის ოფიციალური უწყებების თვალსაზრისს არამედ მხოლოდ მისი პირადი დაკვირვებების შედეგია.

ჩვენს პირველ კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა ორი ქვეყნის ლიდერის უმაღლესი დონის შეხვედრას და როგორია დღეს მიმდინარე ორმხრივი ურთიერთობები, თაცდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ჩათვლით, ბატონი ჩიკი გვპასუხობს, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრა პოზიტიური ნაბიჯი იყო ორმხრივ ურთიერთობებში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ ძლიერ სტრატეგიულ კავშირებსა და პარტნიორობას. ექსპერტის აზრით, როცა ამერიკის პრეზიდენტი თავის დატვირთულ განრიგში, და ისიც საარჩევნო წელს, დროს უთმობს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერს, ეს ამერიკის დაინტერესებაზე მიანიშნებს ამ ქვეყნის მიმართ. ასევე იმ ფაქტზე, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში საქართველოს.

მისი განცხადებით, ჯერჯერობით ფართო საზოგადოებისთვის და ექსპერტთა წრეებისთვის ძნელი სათქმელია თუ კონკრეტულად რა საკითხები იყო განხილული უმაღლესი დონის შეხვედრაზე, თუმცა ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა სავარაუდოდ განიხილავდა სხვადასხვა სფეროებს და თავდაცვის სფეროში პარტნიორობა ამით მხოლოდ სარგებელს ნახავს.

ჩვენი შემდეგი შეკითხვა შეეხებოდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის კანონმდებლობას, რომლის საფუძველზე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტული ინიციატივების შემუშავება უნდა დაიწყოს საქართველოს თავდაცვის სექტორის დასახმარებლად.

ჩიკის თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოსთან დაკავშირებული პუნქტები არასავალდებულოდ ჩათვალა, თუმცა ასევე ცნობილია რომ ამ საკითხის ამგვარი კვალიფიკაცია მხოლოდ იურისდიქციულ განსხვავებებზე დაყრდნობით გაკეთდა. თავდაცვის უნივერსიტეტის ექსპერტი ფიქრობს, რომ მოკლე ვადიან პერსპექტივაში ამ კანონმდებლობას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება თავდაცვის სექტორზე, თუმცა მისი აზრით, ნათელია ის გარემოება, რომ ამერიკის ადმინისტრაციას მკაფიო სურვილი აქვს-შეინარჩუნოს, და გააუმჯობესოს ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის სექტორში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მისი აზრით, სავარაუდოა, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ საქართველოსთვის გაიზარდოს სამხედრო გრანტების გამოყოფა. ექსპერტის აზრით, თანამშრომლობის დეტალები ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.

ამერიკელი თავისუფალი ჟურნალისტი ჯოშუა კუჩერა პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ წერს, რომ ორი ქვეყნის ლიდერის ჟურნალისტების წინაშე გაკეთებულ კომენტარებში მათი აზრთა სხვადასხვაობა შეიძლებოდა ამოგვეკითხა საქართველოს იარაღით დახმარების საკითხში. ჟურნალისტი დასძენს, რომ სწორედ ეს თემაა ყველაზე წინააღმდეგობრივი ელემენტი ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაში მაშინ როცა თბილისი აქტიურად მოითხოვს თავდაცვითი იარაღით დახმარებას, ვაშინგტონი კი თავს იკავებს.

ჟურნალისტის დაკვირვებით, ამერიკელმა ლიდერმა თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბრის შემდეგ ახსენა, მაშინ როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი კომენტარები მედიასთან თავდაცვის სფეროთი გახსნა.

სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ჩიკის აზრით გუშინდელი შეხვედრის პირდაპირი გზავნილი იყო. ასეთი რამ, თბილისის ინტერესებში შედის. ეს არის ის, რასაც მისი პარტნიორები და აშშ მოელიან. თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ექსპერტის განცხადებით, საქართველო დღეს განვითარების კარგ მაგალითს აჩვენებს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს და პროგრესის კონსოლიდაცია არჩევნებით უნდა მოხდეს.

ბოლო კითხვა,ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსთან ურთიერთობას ეხებოდა. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია კონკრეტულად რა მესიჯი გაიჟღერებს თბილისთან მიმართებაში, თუმცა რამდენიმე საკითხი უკვე ნათელია: ავღანეთის თემას დიდი ყურადღება დაეთმობა და შესაბამისად, ქართველი სამხედროების კონტრიბუცია უცხოეთის მთავრობების შეფასების საგანი გახდება. ჩატარებული იქნება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც. აქ, ექსპერტის სიტყვებში იყო მინიშნება, რომ ალიანსი რუსეთის ახალ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გარკვევით იქნება დაკავებული და სავარაუდოდ, ნატო ქართული თემით მოსკოვის გაღიზიანებას მოერიდება.

XS
SM
MD
LG