ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ უმკლავდება იაპონური საზოგადოება ტრაგედიას?


როგორ უმკლავდება იაპონური საზოგადოება ტრაგედიას?
როგორ უმკლავდება იაპონური საზოგადოება ტრაგედიას?

ის დაუწერელი კანონები, რომელიც იაპონიაში ცხოვრებას განსაზღვრავს, იაპონურ საზოგადოებას მძიმე ჟამის გადატანას უადვილებს

მსოფლიო თანამეგობრობა მოიხიბლა იმით თუ როგორი დაუღალავი თავდადებით უმკლავდება იაპონელი ხალხი გასული თვის დამანგრეველი მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეულ გაჭირვებას . მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და უმთავრესი საარსებო საშუალებების ნაკლებობა შეინიშნება, ის დაუწერელი კანონები, რომელიც იაპონიაში ცხოვრებას განსაზღვრავს, იაპონურ საზოგადოებას მძიმე ჟამის გადატანას უადვილებს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი იაპონიიდან იუწყება, კატასტროფის შედეგად დაზარალებული პირების გარდა, ბევრმა იაპონელმა ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად შეცვალა.

იაპონიაში ალუბლის ხეები აყვავდენენ. იაპონელები ტრადიციულად გაზაფხულს დღესასწაულებით აღნიშნავენ. მაგრამ წელს საზოგადოებრივი განწყობა, გასაგები მიზეზების გამო, ბევრად უფრო თავშეკავებულია.

ტოკიოს უენოს პარკში ჩვეულებრივად ხალხმრავლობაა. ოჯახები და მეგობრები ალუბლის ხეების ქვეშ პიკნიკებს აწყობენ, მაგრამ წელს პარკი თითქმის ცარიელია. გასულ თვეს მომხდარი დამანგრეველი ცუნამის გამო იაპონური საზოგადოება „ჯიშუკუს“ ანუ კოლექტიური თავშეკავებულობის პერიოდს იცავს.

იაპონური ტელევიზია სტიქიით დაზარალებულ რეგიონში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს 24 საათის მანძილზე აშუქებს. ის შეგრძნება, რომ ეს განსაცდელი ხალხმა ერთიანად უნდა დასძლიოს, იაპონურ საზოგადოებაში ყველგან შეინიშნება, აღნიშნავს ტემპლის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი კაილ კლივლენდი.

„სტიქიამ ყველაზე ძალიან სოფლები დააზიანა და არა მსხვილი ქალაქები. ბუნებრივი კატასტროფის სრული ზეწოლა ხანდაზმულებმა იგრძნეს. ამდენად ხალხის რეაქცია სტიქიით დაზარალებულ რაიონებში უფროსი თაობის გამოცდილებას ასახავს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გადაიტანა. მაშასადამე უფროსი თაობის წარმომადგენლების რეაქციამ საზოგადოებრივი დამოკიდებულება განაპირობა,“ - აღნიშნავს კაილ კლივლენდი.

საწვავის, სასმელი წყლისა და სურსათის ნაკლებობამ ჩრდილოეთ იაპონიაში მილიონობით იაპონელი კრიზისის წინაშე დააყენა.

ჰიროკო ნაგაუნა 10 თვის ბავშვს ზრდის. მას ძალიან აშფოთებს ის, თუ რა მოხდება ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე.

„ბირთვული საფრთხე უხილავია და ეს მე ძალიან მაშინებს. ამას გარდა, რადიაციური დასხივების სიმპტომები უცბად არ ჩნდება და გარკვეულ დროს იკავებს,“ - დარდობს ჰიროკო ნაგაუნა.

მიმომხილველებმა ერთხმად აღნიშნეს ის სტოიციზმი რომლითაც იაპონელი ხალხი ბუნებრივ კატასტროფას გაუმკლავდა. ცუნამმა 200,000 იაპონელი უსახლკაროდ დატოვა. იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა საგანგებოდ შექმნილ დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.

იაპონიის მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოყოფილი დიდძალი დახმარების ფონზე აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სტიქიით დაზარალებულ რეგიონში იაპონიის სხვადასხვა რეგიონებიდან ათასობით მოხალისე ჩავიდა.

„ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ იაპონელები იაპონური საზოგადოების გარკვეულ ფასეულობებსა და ქცევის ნორმებს იცავენ, რაც ბოლოდროინდელი ამბების გამო უფრო აშკარად ჩანს. ის რაც მოხდა გრძელვადიან პერსპექტივაში იაპონურ საზოგადოებაზე მნიშვნლოვან გავლენას მოახდენს. ვფიქრობ შედეგად იაპონური ფასეულობების, მაგალითად, სხვებზე ზრუნვის, ახლებური შეფასება მოხდება. კოლექტიური თავშეკავებულობა ანუ ‘ჯიშუკუ’ ამ ტენდენციის მოკლევადიანი გამოხატულება გახლავთ,“ - დასძენს სოციოლოგი კაილ კლივლენდი.

XS
SM
MD
LG