ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიას ჩერნობილის საშიშროება არ ემუქრება


იაპონიას ჩერნობილის საშიშროება არ ემუქრება
იაპონიას ჩერნობილის საშიშროება არ ემუქრება

ამერიკის ხმის რუსული რედაქციისთვის კიევში ორშაბათს მიცემულ ინტერვიუში უკრაინელმა ექსპერტებმა ატომური ენერგეტიკის სფეროში განაცხადეს, რომ იაპონიას მეორე ჩერნობილის საშიშროება არ ემუქრება. მიწისძვრით დაზარალებული ზონიდან მიღებული შემაშფოთებელი ცნობების ფონზე, უკრაინელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სტიქიით დაზარალებულ ატომურ ელექტროსადგურებზე მძლავრი ბირთვული აფეთქებების ალბათობა დაბალია.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შედეგად ოთხი იაპონური ატომური ელექტროსადგური დაზარალდა. ყველაზე სერიოზული ავარია ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-დაიჩიზე“ მოხდა, სადაც შაბათს ერთ რეაქტორზე აფეთქება დაფიქსირდა, ხოლო გუშინ კი მეორეზე. სამივე რეაქტორს გადახურება ემუქრება და რადიოაქტიურმა ანაორთქლმა ატმოსფეროში უკვე გაჟონა. ორშაბათს ხსენებულ ატომურ ელექტროსადგურზე მესამე რეაქტორი მწყობრიდან გამოვიდა. მესამე აფეთქების საშიშროება იზრდება იმდენად რადმდენადაც რეაქტორის საწვავი კვერთხები დაუცველი რჩება.

თითქმის ოცდახუთი წლის წინ ბირთვული აფეთქების ეპიცენტრში ნამუშევარი უკრაინელი ექსპერტი ანატოლი გრიცაკი აღნიშნავს, რომ იაპონური ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების სისტემა უკრაინული ელექტროსადგურებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც როგორც იაპონიას ისე მთელს კაცობრიობას გადაარჩენს.

აღსანიშნავია, რომ 1986 წელს, როცა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკი აფეთქდა, გრიცაკი ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკის საოპერატორო განყოფილებაში მუშაობდა.

„მეორე ჩერნობილი აბსოლუტურად გამორიცხულია. დანამდვილებით მოგახსენებთ, რომ ტრაგედია არ გამეორდება რადგან იაპონიაში სხვა სახის რეაქტორებს იყენებენ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია,“ აღნიშნავს ანატოლი გრიცაკი.

უკრაინელმა ინჟინერმა ატომურ მრეწველობაში გავრცელებული სხვადასხვა სახის რეაქტორების ტექნიკური თავისებურებებიც ახსენა. გრიცაკის თქმით, იაპონური რეაქტორები მსოფლიოში ყველაზე საიმედოდ დაცულ ობიექტებად მოიაზრება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბირთვული პროცესის აქტიური ზონა დაცულ კორპუსში მდებარეობს. ამას გარდა რეაქტორი დაცვით რეზერვუარშია მოთავსებული და რეაქტორის ყველა მოქმედი განყოფილება და საკვანძო კომპონენტი რკინაბეტონის სახურავის ქვემოთ იმყოფება. ხსენებული სახურავი გათვლილია, რომ გაუძლოს გარკვეულ წნევას და აფეთქებას,“ აღნიშნავს გრიცაკი.

ატომური უსაფრთხოების უკრაინელი ექსპერტი ვლადიმირ უსტენკო, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, აღნიშნავს, რომ იაპონიაში ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების მომავალი მთლიანად დამოკიდებულია იმ პროფესიონალებზე, რომლებიც ამჟამად დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურებზე მუშაობენ.

„ჩერნობილის მსგავსი ფართომასშტაბიანი დაბინძურება არ მოხდება. რადიაციური დაბინძურება ლოკალიზებული იქნება. იმედია, რომ თერთმეტ ენერგობლოკზე, რომლებიც ან საავარიო ან წინასაავარიო მდგომარეობაში იმყოფება, არაფერი ცუდი არ მოხდება,“ დასძენს ვლადიმირ უსტენკო.

XS
SM
MD
LG