ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ გობლი: მინსკის ჯგუფის წარუმატებლობის მიზეზი მოსკოვია


მთიანი ყარაბაღი, 6 აპრილი, 2016
მთიანი ყარაბაღი, 6 აპრილი, 2016

რუსეთის, ირანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ბაქოში შეიკრიბებიან და უსაფრთხოებაზე ისაუბრებენ.

გასულ კვირას, ბაქოში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა კასპიის ზღვის რეგიონი იქნება, რომელიც მისი თქმით, “ტერორისტების კორიდორად” იქცა.

პუტინ-როჰანი-ალიევის სამიტის შესახებ ცნობას წინ უძღოდა ე.წ. “გაყინული კონფლიქტის” გაღვივება მთიან ყარაბაღში. ყარაბაღი ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაა, რომელსაც 1994 წლის ომის შემდეგ სომხეთის სამხედროები აკონტროლებენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოსკოვი და თეირანი შუამავლობენ. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მხარეებმა გასულ კვირას მიიღეს. შეერთებული შტატები ქვეყნებს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

მთიან ყარაბაღში გასულ კვირას მომხდარი ბრძოლები, კონფლიქტის ისტორიაში ყველაზე მწვავე იყო. ესოშიეითიდ პრესის ცნობით, 64 ადამიანი დაიღუპა.

1994 წლიდან მოყოლებული, რუსეთი “მინსკის ჯგუფში” მთავარ როლს თამაშობს. საერთაშორისო ჯგუფის მიზანი კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმის შექმნა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მან მარგინალიზაცია განიცადა. ამერიკელი ექსპერტი პოლ გობლი, რომელიც რუსეთის და საბჭოთა კავშირის საკითხებზე წარსულში სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, ამბობს, რომ ამის მიზეზი რუსეთის მიერ “ჯგუფის ძალისხმევის საბოტაჟის მცდელობა” იყო.

“მინსკის ჯგუფის წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი მოსკოვია. მოსკოვის ინტერესებში იყო გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება, რითიც რუსეთი სარგებლობდა,” ამბობს გობლი.

მისი თქმით, მოსკოვი ორმაგი სტანდარტებით თამაშს აგრძელებს და კონფლიქტის გამწვავების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, სადაც ის აზერბაიჯანს ტერიტორიის დაბრუნებაში დაეხმარება:

“ეჭვი არ მეპარება, რომ მოსკოვისთვის აზერბაიჯანი ჯილდოა, სომხეთი კი ამ ჯილდოს მიღწევის საშუალება.” აზერბაიჯანით ინტერესს გობლი ნავთობით და ქვეყნის გეო-პოლიტიკური მდებარეობით ხსნის.

მას შემდეგ, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი 4 აპრილს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რუსულმა ტელეკომპანია LifeNews-მა პროგრამა მოამზადა, რომლის მტკიცებითაც აზერბაიჯანის ძალები, მთიან ყარაბაღში ბრძოლისას, დაჯგუფება “ისლამური სახელწმიფოს” მებრძოლებს იყენებდნენ.

ბრალდება მალევე უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა და LifeNews-ის ინფორმაციას “კრემლის მედიის საბოტაჟი” უწოდა, რომელიც, მისი თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის “სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.” მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დაპატიმრებული იქნება და დაისჯება ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც აზერბაიჯანში შესვლას შეეცდება.

აზერბაიჯანის მოსახლეობის 90 პროცენტი მუსლიმია, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა. 2013 წელს პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, აზერბაიჯანის კანონმდებლობა სხვა მუსლიმური ქვეყნების კანონმდებლობებზე ნაკლებად ეყრდნობა შარიას კანონს.

აზერბაიჯანელი მუსლიმების უმრავლესობას შიიტები შეადგენენ, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” კი სუნიტი ექსტრემისტების მიერაა დაფუნებული, რომლებიც შიიტებს “ნამდვილ მუსლიმებად” არ აღიარებენ.

ნიუ-იორკში ბაზირებული უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფ სუფანის მონაცემებით, ერაყსა და სირიაში “ისლამურ სახელმწიფოს” აზერბაიჯანის 216 მოქალაქე შეუერთდა, მათგან 49 აზერბაიჯანში დაბრუნდა. სხვადასხვა მონაცემებით, აქედან 40 დაკავებულია.

რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანის მთავრობა შევიწროებაში დაადანაშაულა “ისლამური სახელწმიფოს” ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა წევრმა. “ჩვენ არ გვაღიარებენ ადამიანებად. მედია ვაჰაბისტებს გვეძახის. პოლიცია წვერებს გვპარავს. ამიტომაც გადავწყვიტეთ სირიაში წამოსვლა” ამბობს ის ონლაინ მიმართვაში.

“აზერბაიჯანის მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ რელიგიური აქტვისტების შევიწროვებისთვის, ისლამისტ ექსტრემისტებს აქ არ წყალობენ,” ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო, საინფორმაციო სააგენტო “კავკასიის პოლიტიკის” მთავარი რედაქტორი.

აზერბაიკანის მთავრობა დაგმო სომხური წარმომავლობის მქონე რუსმა არამ გაბრიელიანოვმა, ის LifeNews-ის დამფუძნებელია, რომლის გადამღებ ჯგუფსაც აზერბაიჯანის მთავრობამ აკრედიტაცია შეუწყვიტა. “უგუნური, კორუმპირებული პოლიტიკოსების მთავრობა, რომელიც ფაშისტ ერდოღანს ჯიბეში ჰყავს,” ასე შეაფასა მან აზერბაიჯანის მთავრობა საკუთარ ტვიტერზე.

მისი მედია საშუალების სწრაფი ზრდის მიუხედავად, გაბრიელიანოვი რუსეთის მთავრობასთან კავშირებს უარყოფს. ის პუტინისადმი ლოიალურობით გამოირჩევა, პუტინს მან “ერის მამა” არაერთ ინტერვიუში უწოდა.

2014 წელს პუტინმა მას ღირსების ორდენი გადასცა უკრიანაში რუსეთის მიერ გაწეულ ძალისხმევაში მონაწილეობისთვის. ეს ჯილდო აქამდე ბრძოლებში უშუალო მონაწილეებს გადაეცემოდათ.

LifeNews-ის მიერ გავრცელებულ მასალას - სომხეთის წინააღმდეგ ტერორისტების გამოყენების შესახებ, აბსურდულს უწოდებს მაქსიმ შევჩენკო. შევჩენკოს მსგავსად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამბის სინამდვილეს პოლ გობლი. “ვფიქრობ, ეს გამოგონილი ამბავია… ნათელია, რომ მოსკოვში დანტერესებულნი არიან აზერბაიჯანის დისკრედიტაციით,” ამბობს ის.

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე ორი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ხელწერის მსგავსი ვიდეო გამოჩნდა, სადაც აზერბაიჯანის სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სომეხი იეზიდი ჯარისკაცის თავის მოჭრის ვიდეოს გამოქვეყნების პირობას დებდა. “ამერიკის ხმამ” ამ ვიდეოს ნამდვილობის დადასტურება ვერ შეძლო, აზერბაიჯანის მთავრობა აცხდებს, რომ ვიდეო გაყალბებულია.

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე რედაქციის მიერ.

XS
SM
MD
LG