ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმრების გაცვლის შესახებ ირანის შეთავაზების მიმართ აშშ-ის პოზიცია იცვლება


შეერთებულმა შტატებმა, ირანელების მიერ შეთავაზებული პატიმრების გაცვლის მიმართ უფრო დადებითი პოზიცია დაიკავა მას შემდეგ, რაც ციურიხში, შვეიცარიელთა შუამავლობით, ორმა მხარემ ასეთი იშვიათი გაცვლა მოახდინა.

შაბათს მომხდარი პატიმრების გაცვლის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი, იმ რამდენიმე ოფიციალურ პირს შორის იყო, რომლებმაც ვაშინგტონთან პატიმრების მეტი გაცვლების მზაობის შესახებ გამოაცხადეს. შაბათს, ირანმა ჩინური წარმოშობის ამერიკელი სწავლული შიუ ვანგი, ირანელი მეცნიერის, მასუდ სოლეიმანის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ორშაბათს ზარიფმა „ტვიტერით" გაავრცელა: „ამ კვირაში ჩვენი მძევლის დაბრუნების შემდეგ, პატიმრების ყოვლისმომცველი გაცვლისთვის სრულად მზად ვართ. შემდეგი ნაბიჯის გადადგმა ახლა შეერთებულ შტატებს მართებს.

ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ზარიფის თანაშემწემ, მოჰსენ ბაჰარვანდმა, პატიმრების გაცვლაზე მუშაობის გაგრძელების სურვილზე ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ ჯერ-ჯერობით ასეთი მითითება არ ყოფილა. პატიმრების გაცვლის დროს, ციურიხის აეროპორტის ანგარიშში, ის ირანის საქმეებზე შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელ ბრაიან ჰუკთან ერთ მაგიდასთან იჯდა, მაგრამ უარი განაცხადა, როგორც თვითონ თქვა, ჰუკის თხოვნაზე საუბარი შემდგარიყო.

მოგვიანებით, ჰუკმა დაადასტურა, რომ ბაჰარვანდთან ერთ მაგიდასთან იჯდა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარებს მიესალმა.

ჰუკმა თქვა: „ის დადებითი კომენტარები იყო. ვნახოთ, ამაზე დაყრდნობით, რის გაკეთებას შევძლებთ.“

ვაშინგტონი და თეირანი ასეთი საკონსულო დიალოგისთვის შუამავლად შვეიცარიას იყენებდნენ, რადგან 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღარ არსებობს. 2016 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობისას პატიმართა გაცვლა განხორციელდა, ორ ქვეყანას ასეთი გაცვლა არ მოუხდენია.

ირანის ბოლო შეთავაზებების მიმართ, ჰუკის დადებითი განწყობა, მკვეთრად განსხვავდება უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ტონისგან, რომელიც განვლილი წლის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციას ჩამოუყალიბდა. შაბათს, შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადმინისტრაციას „არასდროს სჯეროდა“, რომ პატიმრების გაცვლის მხარდაჭერის შესახებ ზარიფის საჯარო კომენტარები, „ძალიან სერიოზული იყო“.

ბაჰარვანდმა ირანულ სააგენტოს უთხრა, რომ თეირანს შეერთებულ შტატებში დაკავებული, დაახლოებით 20 ირანელის გათავისუფლება სურს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო, წინა წლებში დააკავეს.

ვაშინგტონს რამდენიმე ამერიკელის გათავისუფლება სურს, რომლებიც ირანის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის დააკავეს, რასაც შეერთებული შტატები შეთითხნილ ბრალდებებს უწოდებს.

შეერთებული შტატები ირანისგან მოითხოვდა რობერტ ლევინსონის საქმის გადაწყვეტასაც. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი ირანში 2007 წლის ვიზიტის დროს დაიკარგა და მოგვიანებით, ამერიკულმა მედიამ გამოამჟღავნა, რომ ეს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს უნებართვო მისიის ნაწილი იყო. ლევინსონის ოჯახმა განაცხადა, რომ სჯეროდათ, მისი გაუჩინარების შემდეგ, ირანს ის საიდუმლოდ ჰყავდა დატყვევებული და მიყენებული ზიანის გამო, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ამერიკულ სასამართლოში 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა.

გაეროში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ბილ რიჩარდსონმა, რომელმაც ავტორიტარული მთავრობების მიერ დაკავებული არაერთი ამერიკელის გათავისუფლება უზრუნველყო, „ამერიკის ხმის“ სპარსული ენის სამსახურს უთხრა, რომ ირანის ოფიციალური პირებისგან ლევინსონის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, თეირანმა საერთაშორისო ორგანოს აცნობა, რომ ირანის რევოლუციურ სასამართლო სისტემაში ლევინსონზე „ღია საქმე“ იყო.

მოგვიანებით, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ამ განცხადების მნიშვნელობა დააკნინეს და მას „დაკარგული პირის“ საქმესთან დაკავშირებით გადადგმული ჩვეულებრივი ნაბიჯი უწოდეს.

რიჩარდსონმა განაცხადა: „ახლა, როდესაც პატიმრების საკითხზე ცოტაოდენი ნდობა ჩამოყალიბდა, იმედია ირანელები ლევინსონის საქმეს გარკვეულ ნათელს მოჰფენენ, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ ეს ძირითად პრიორიტეტად აქციოს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG